იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები კანონის შესაბამისად მიმდინარეობს.
" უკრაინის ხელისუფლებისგან ველოდებით პასუხს, მიიღო თუ არა მიხელ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა. ეს ალბათ ნამდვილად ასეა, რადგან ბატონ პოროშენკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია გადაწყვეტილება მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. თუმცა ყოველგვარი რისკი უნდა გამოირიცხოს იმისა, რომ მოქალაქეობა არ შესულა ძალაში.
მოგეხსენებათ, ოდესის გუბერნატორი უცნაური განცხადებებით გამოირჩევა, რომლის საფუძვლიანობის შემოწმება არავის ძალუძს. ამიტომ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და საბუთებიც აქვს, საქართველოს მოქალაქეობა მყისიერად შეუწყდება. ამას ქართული კონსტიტუცია და კანონი ითხოვს", – განაცხადა თეა წულუკიანმა.