"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის სერვისცენტრში საკადრო ცვლილებებია. რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ სერვისცენტრში თანამდებობები რამდენიმე პასუხისმგებელ პირს დაატოვებინეს.
ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა დავით ცერცვაძემ, რომელიც აღნიშნულ პოსტს ორი წლის განმავლობაში იკავებდა, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და ის ტექნიკური სამსახურის უფროსად გადაიყვანეს, რომელიც დღემდე ეკავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის ყოფილ დეპუტატს ნესტორ ჟღენტ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით ის სამსახურიდან დაითხოვეს.
ოზურგეთის სერვისცენტრში თანამდებობები დაატოვებინეს საწყობის თანამშრომელს ირაკლი მეგრელიშვილს, ასევე ტრანსპორტის განყოფილების უფროსს ზაზა კალანდარიშვილს, სპეციალისტს იროდიონ ბალანჩივაძეს, შემოსავლების სამსახურის სპეციალისტს ლაშა ხარაიშვილს.
აღნიშნული ინფორმაცია ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის სერვისცენტრის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით ცერცვაძემ "გურია ნიუსთან" დაადასტურა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელის პოსტს.
ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, რა გახდა გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის გურიის რეგიონალურ სამსახურში პასუხისმგებელი პირების მიერ თანამდებობების დატოვების მიზეზი. ამ თემასთან დაკავშირებულ ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.