დღეს, 24 სექტემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც გენდერული კვოტის გზით საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას გულისხმობს. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ცესკოს წარმომადგენლები, მოსმენას დაესწრო იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც კიდევ ერთხელ ისაუბრა კვოტების მნიშვნელობაზე სამართლიანი მმართველობის მისაღწევად.
საკანონმდებლო წინადადება, რომელიც 2015 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა პარლამენტში, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. წინადადების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისათვის სიების წარდგენისას აუცილებელი გენდერული კვოტა უნდა დაიცვან. პარლამენტის მიერ ინიციატივის მიღების შემთხვევაში, მომავალი არჩევნების შედეგად, პარლამენტში ქალებისათვის მინიმუმ 25%-იანი წარმოამდგენლობა იქნება უზრუნველყოფილი.
წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების აღმოფხვრას და გაზრდის დემოკრატიის ხარისხს.
საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს კავშირი "საფარის" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)" წარმომადგენლებმა ბაია პატარაიმ და ნინო ჯანაშიამ.
წინადადება, რომელსაც 9 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, მომზადდა "ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის" (თასქ ფორსის) მიერ. ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, გენდერული სამართლიანობა, კავშირი საფარი, ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა", გენდერული სამართლიანობა, ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის _ საქართველო.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი დროებითი, არაფორმალური გაერთიანებაა, რომლის მიზანია საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის საკითხებზე მუშაობის მანდატი, გამოცდილება და რესურს