მას შემდეგ, რაც ვაზიანის დასახლების მაცხოვრებელთა პრობლემების შესახებ, "გურია ნიუსის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გამოეხმაურა და რეაგირებისთვის გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს გადაუგზავნა, სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ.
სპეციალისტებმა შეისწავლეს ვაზიანის დასახლებაში არსებული სიტუაცია, აღწერეს ნაგავსაყრელების მდგომარეობა, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და სიტუაციის გამოსწორებას დაპირდნენ.
თუმცა, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნეს, რომ საკითხის მოგვარება მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა, რადგან ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნაგვის გატანა მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს.
მათივე თქმით, სამინისტროს მიერ მომზადებული წერილი რეაგირებისთვის გარდაბნის მუნციპალიტეტის გამგეობას გადაეგზავნება. ადგილზე არსებულ სიტუაციას კი კონტროლს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი გაუწევს.
რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნას, რომ ლაბორატირიულად შემოწმდეს სასმელი წყლის ხარისხი, სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სამინისტროს ლაბორატორია სინჯების ასაღებად თანამშრომლებს უახლოეს დღეებში გაგზავნის.
შეგახსენებთ, რომ "გურია ნიუსმა" გუშინ ორი სტატია გამოაქვეყნა – ვაზიაანის მოსახლეობა შველას ითხოვს და "მინისტრმა, ალბათ, ჩვენი გასაჭირი არ იცის – რას სთხოვს მოსახლეობა გიგლა აგულაშვილს", სადაც დასახლების მაცხოვრებელთა დასახლების მაცხოვრებელთა პრობლემების შესახებ არის საუბარი.
ცნობისთვის, ვაზიანის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ტერიტორიაზე არსებულ 56 კორპუსში, რომელთა მდგომარეობაც სავალალოა, 5 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მათი საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისად მძიმეა, კორპუსებში არ არის გამართული საკანალიზაციო და წყლის მილები, ფეკალიები კი პირდაპირ სარდაფებში ჩაედინება.
მოსახლეობამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, გიგლა აგულაშვილს დახმარების თხოვნით "გურია ნიუსის" საშუალებით მიმართა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნაგვის ურნების არარსებობის გამო იძულებულები არიან ნაგავი ტერიტორიაზე დაყარონ, თუმცა მუდმივი ქარის გამო, ნარჩენები მთელ ტერიტორიაზე იფანტება. მოსახლეობა ტერიტორიის გაწმენდას და ელემენტარული გარემო-პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 10 ნაგვის ურნა ერთ ტერიტორიაზე, დასახლებული ადგილიდან საკმაოდ მოშორებით დგას. თუმცა, იმის გამო, რომ ტერიტორიაზე 100-მდე მაწანწალა ძაღლია, ურნებთან მიახლოებას ადგილობრივები ვერ ახერხებენ. ამასთანავე, მოსახლეობა ამბობს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები 10 დღეში ერთხელაც არ მოდიან, გადავსებული ურნების გამო კი, ისინი ნაგავს მის გარშემო აწყობენ.
ცნობისთვის, სამინისტროს წარმოადგენლებთან ერთად, ვაზიანის დასახლებაში დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული მისიის" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ამავე თემაზე:
ვაზიაანის მოსახლეობა შველას ითხოვს
"მინისტრმა, ალბათ, ჩვენი გასაჭირი არ იცის – რას სთხოვს მოსახლეობა გიგლა აგულაშვილს",