ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრს-სურათების გალერეას მერაბ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა.
ცენტრის სახელობითი აბრა საზეიმო ვითარებაში ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ გახსნა.
საზეიმო ცერემონიალს მერაბ ბერძენიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრებოდა. თუმცა ცენტრმა მისგან საჩუქრად ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი "შოთა რუსთაველი" მიიღო.
საგამოფენო დარბაზში ცნობილი მოქანდაკის შემოქმედების ამსახველი ფოტორეპროდუქციების გამოფენა გაიმართა.
გამოფენას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, ასევე, მერაბ ბერძენიშვილის მეგობრები ესწრებოდნენ.
"მეამაყება, ვიყო იმ ქალაქის მერი, რომლის საპატიო მოქალაქე მერაბ ბერძენიშვილი გახლავთ. მოხარული ვარ, რომ დღეიდან ოზურგეთში მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი იარსებებს. ფასადაუდებელია ბატონი მერაბის შემოქმედება და თითოეული ნაშრომი, რომელიც ისტორიას დარჩება." – განაცხადა ქალაქის მერმა.
მერაბ ბერძენიშვილს ოზურგეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი შარშან მიენიჭა. ცნობილი მოქანდაკე, წლების განმავლობაში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, დღეს ის საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარეა.
მერაბ ბერძენიშვილი დაჯილდოვებულია მრავალი მედლით და სიგელით:
ფრიტიოფ ნანსენსის სახელობის საერთაშორისო მედლით, რუსეთის სამხატვრო აკადემიის მედალით – "ღირსეულს", ასევე, დაჯილდოებულია ღირსების დიპლომითა და ვერცხლის მედლით – "XX საუკუნის ჯილდო მიღწევებისთვის ქანდაკების სფეროში", საქართველოს მხატვართა კავშირის პრიზით – "ოქროს ლომი", საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – "წმინდა გიორგის ოქროს ორდენი".
(R)