ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში (კვირიკეთი) ლია ნაცვალაძე ყოველწლიურად თესავს დეკორატიულ გოგრას. ნაცვალაძეები გზის პირას ცხოვრობენ და და თითქმის ყველა მგზავრი ამჩნევს მათ კარმიდამოში ვაზის ტალავერზე განლაგებულ ათობით დეკორატიულ გოგრას.
– დეკორატიულმა გოგრამ წლების წინ დაიდო ბინა ჩვენს კარმიდამოში. ერთი წელი აქვს სიცოცხლისუნარიანობა, მერე ლპობას იწყებს. შემდეგ გოგრიდან თესლს ვიღებთ და გაზაფხულზე კვლავ ვთესავთ. მართალია, ეკონომიკური თვალსაზრისით, სარგებლიანობის მომტანი არ არის, მაგრამ კარმიდამოს განუმეორებელ ესთეტიურ იერს ანიჭებს _ გვითხრა ოჯახის დიასახლისმა.
ნაცვალაძე დეკორატიულ გოგრებს მხოლოდ სილამაზისთვის იყენებს. არაერთხელ მეგობრებსა და ნაცნობებსაც ჩუქნის. ამბობს, რომ ხშირად არ უჯერებენ, რომ გოგრაა.
– ძალიან უხდება ოთახს, ნათურებივით არის. ბევრს ჰგონია, რომ სოკოა და ვერ ვაჯერებთ. როდესაც დავაბინავებთ დეკორატიულ გოგრებს, შემდეგ ვუგზავნი ჩემს ახლობლებს. შემოდგომის შემდეგ არაერთ მათგანს გავახარებ – გვითხრა ქალბატონმა ლია ნაცვალაძემ და რამდენიმე სხვადასხვა ზომის გოგრა გამოგვატანა საჩუქრად.
"კარმიდამო ჩემი" გირჩევთ, რომ თქვენს კარმიდამოში აუცილებლად დათესოთ დეკორატიული გოგრა.