საქართველო, კანონის უზენაესობის მხრივ, რეიტინგში 22 საფეხურით დაწინაურდა, – ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო მმართველობის გრძელვადიან კვლევაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვლევაში საქართველომ 97-დან 75 ადგილზე გადაინაცვლა. თუ ქვეყნის პროცენტული მაჩვენებელი კანონის უზენაესობის მიმართულებით 2012 წელს 54,5% იყო, 2014 წელს 64,4%-ს მიაღწია.
მათივე ინფორმაციით, კანონის უზენაესობის მხრივ, საქართველოს ჩამორჩებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის, რუმინეთი და ბულგარეთი. ასევე, საქართველოს შემდეგ დასახელდნენ მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.
14 ადგილით გაუმჯობესებულია საქართველოს პოზიციები რეგულაციების ხარისხში. თუ ქვეყნის 2012 წლის მაჩვენებელი 72,7% იყო, 2014 წელს ეს ციფრი 79,3%-მდე გაიზარდა
ამ ინდიკატორის მიხედვით, საქართველო უსწრებს როგორც მეზობელ ქვეყნებს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის სლოვაკეთს, უნგრეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, იტალიას, სლოვენიას, ბულგარეთს, რუმინეთს, საბერძნეთს და ხორვატიას.
მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა 1996-2014 წლების პერიოდს მოიცავს. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. შეფასების ინდიკატორებია – გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება; პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა; მთავრობის ეფექტიანობა; რეგულაციების ხარისხი; კანონის უზენაესობა; კორუფციის კონტროლი.