"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" 2004-2012 წლებში მოქმედი მინისტრების, მინისტრის მოადგილეებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსების ანაზღაურებისა და პრემიების შესახებ კვლევის პირველ ნაწილს ასაჯაროებს.
"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" წარმომადგენლის შოთა როსტომაშვილის თქმით, წლების განმავლობაში აღნიშნული მონაცემების მიღება თითქმის შეუძლებელი იყო.
"ჩვენ ვიხილეთ ფაქტები, როდესაც ერთსა და იმავე სისტემაში იერარქიულად უფრო დაბალ თანამდებობაზე მდგომი პირები, თანამდებობრივად მათზე მაღლა მდგომ მოხელეებზე მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ.
მაგალითად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, 2012 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, მინისტრის პირველი მოადგილის, ელენე ხოშტარიას ხელფასისა და პრემიის ჯამურმა რაოდენობამ, ერთი წლის განმავლობაში გადააჭარბა იმავე უწყების მინისტრის, გიორგი ბარამიძის ანაზღაურების ოდენობას.
(ელენე ხოშტარიას ანაზღაურებამ ერთი წლის განმავლობაში შეადგინა 77 873.83 ლარი, ხოლო მინისტრის , გიორგი ბარამიძის ანაზღაურებამ 65.920.00 ლარი)
ფინანსთა მინისტრის ნიკა გილაურის ანაზღაურებამ 2008-2009 წლებში, 14 თვის განმავლობაში 121.588.00 ლარი შეადგინა, რაც ყოველთვიურად დაახლოვებით 9000 ლარს წარმოადგენს, მაშინ როდესაც მინისტრის თანამდებობრივი ანაზღაურება 3540 ლარს შეადგენდა, აღნიშნულ შემთხვევაში მინისტრის პრემია მის ყოველთვიურ ხელფასს აჭარბებს.
2012 წელს, განსაკუთრებით გაიზარდა მთავრობის წევრთა ანაზღაურება. მაგალითად ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრი, რომლის ხელფასმაც 8 თვის განმავლობაში 63 972.86 ლარი შეადგინა.
ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ეკა ტყეშელაშვილის, რომლის ხელფასმა და პრემიამ 2010 დან 2012 წლამდე, ორი წლის განმავლობაში 147 206.00 ლარი შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს არასამთავრობო სექტორი აქტიურად აშუქებს მოქმედი ხელისუფლების ხელფასებისა და დანამატების საკითხს, მსგავსი ტიპის ინფორმაციის მოპოვება სრულიად შესაძლებელია", – ნათქვამია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის " მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved