პარასკევს, ფრაქციამ _ "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის", პრესკონფერენცია გამართა, რასაც წინ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან ფრაქციის მიერ ინიცირებული ორი პაკეტის ჩავარდნა უძღოდა. ფრაქციის წევრები საკრებულოს მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შეფასებას აძლევენ და მიაჩნიათ, რომ რადგან ოპოზიცია იყო წარმოდგენილ პაკეტთა ავტორი, პროექტები სწორედ ამიტომ ჩავარდა.
ფრაქციამ წარმატებული აბიტურიენტებისა და მათი სკოლებისთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოთი (არანაკლებ 1 000 ლარისა) წახალისების პროგრამა წარმოადგინა. ასევე, ფრაქციის მიერ წარმოდგენილი იყო მეორე პროექტიც, რომელიც მუნიციპალიტეტის სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსებას ეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოზე წარმოდგენილი პროგრამები, თავის დროზე, ბიუროზეც გავიდა, დადებითი შეფასებაც მიიღო (განსაკუთრებით, ახალგაზრდების წახალისებამ) და ვიზირებაც მიეცა საკრებულოს სხდომისთვისაც, სადაც, დეპუტატთა თანხმობით, საკითხების ირგვლივ ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაწყებულიყო.
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ საკრებულოს სხდომის დასაწყისშივე განაცხადა: "ჩვენ გვაქვს სოციალური პროექტები, რომელიც უკვე დამტკიცებულია და იქიდან ვახორციელებთ წარმატებული ახალგაზრდების წახალისებას. სწორედ, ამ პროგრამიდან მოხდება ამ ახალგაზრდების 1 000 ლარით დაფინანსებაც. გამოდის, ახლა უნდა დავამტკიცოთ ის, რაც ისედაც გვაქვს. რაც შეეხება მეორე პაკეტს _ სოციალურად დაუცველთათვის ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინასებას, ჩვენი ბიუჯეტი ამას ვერ შეძლებს".
"ჩვენს მიერ ინიცირებული ორივე პროექტი შეგნებულად ჩააგდეს. თავის დროზე ბიურომ ჩვენი წინადადებები მიიღო, თუმცა, როგორც ჩანს, შემდგომ იმსჯელეს და გადაწყვიტეს ყველა ღონე ეხმარათ, რომ ჩვენ არ წარმოვჩენილიყავით ამ პროექტის ინიციატორებად. მოტივად მოჰყავდათ, რომ ანალოგიური პროექტი უკვე ჰქონდათ და 2014 წელს საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებას ასახელებდნენ. სინამდვილეში, ეს ის დადგენილებაა, რომელიც 2013 წლის მაისში წინა მოწვევის საკრებულომ მიიღო და შემდგომ ჩვენმა საკრებულომ გადმოაკოპირა. ამ პროექტში არსად წერია, რომ წარმატებული აბიტურიენტები 1 000 ლარით წახალისდნენ. ამ პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებსა და სადღესასწაულო დღეებში ლანჩხუთის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და შემოქმედდთა წარმატების წახალისება ფულადი ჯილდოთი, სხვადასხვა პრიზითა და ფასიანი საჩუქრებით. პროგრამის ამოცანაში კი შედის კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებით ღონისძიებებში მუნიციპალიტეტის მკვიდრთა ჩართულობის გაზრდა.
ფაქტობრივად, უმრავლესობის მიზანი იყო, ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტი არ შესულიყო ცალკე პროგრამის სახით. ჩვენ შევთავაზეთ კიდეც, რომ იყოს ეს ძველი პროგრამა, ოღონდ მასში ერთი პუნქტი ჩაწერეთ, რომლითაც ეს კატეგორია იქნებოდა წახალისებული, რომ სამომავლოდ ახალგაზრდებს მოტივაცია ჰქონდეთ. თუმცა, უმრავლესობამ ესეც არ ჩათვალა საჭიროდ. ჩვენ ვთვლით, რომ არასწორად მოხდება თანხის გაცემა და საფინანსო სამსახურს არ ექნება სწორი იურიდიული საფუძველი საამისოდ.
საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუ ეს პაკეტი მანამდეც არსებობდა, მაშინ კეთილი ინებონ და 2014 წლის წარმატებულ აბიტურიენტებსაც მისცენ 1 000 ლარი. ამას ჩვენი მხრიდან უკვე მოთხოვნის სახე აქვს.
რაც შეეხება მეორე პაკეტს _ მუნიციპალიტეტის სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსებას შესახებ, ჩვენ ვითხოვდით, რომ ამასთან დაკავშირებით დაწყებულიყო ადმინისტრაციული წარმოება და პროგრამა 2016 წლიდან ამოქმედებულიყო. წესით, მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების განხილვა აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, არანაირი განხილვა არ მიმდინარეობს. ჩვენ იმისთვის შემოვიტანეთ აღნიშნული პაკეტი, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მაინც ასახულიყო, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა", _ თქვეს ფრაქციის _"ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის" წევრებმა.
გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის, თამარ ფირცხალაიშვილის განმარტებით, წელს წარმატებული ლანჩხუთელი აბიტურიენტები, რომლებმაც სახელმწიფოსგან 100%-იანი დაფინანსება მიიღეს, მუნიციპალიტეტისგან 1 000 ლარს ჯილდოდ უკვე მოქმედი პროგრამის ფარგლებში მიიღებენ, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული ახალგაზრდების წახალისებას. რაც შეეხება ფრაქციის მხრიდან წამოყენებულ მოთხოვნას, რომ ამ პროგრამის თანახმად 2014 წლის წარმატებული აბიტურიენტებიც წახალისდნენ, ფირცხალაიშვილის თქმით, ეს მოთხოვნა აბსურდულია, რადგან პროგრამა და მისი ბიუჯეტი მტკიცდება წლიდან წლამდე.
რაც შეეხება პაკეტს ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში სრული ერთსულოვნებაა _ ისინი თანხმდებიან, რომ ლანჩხუთის ბიუჯეტს არ შეუძლია ამ ფინანსური ტვირთის ზიდვა.