რამდენიმე დღეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
ლევან კობიაშვილს, რევაზ არველაძესა და მამუკა კვარაცხელიას შორის ფედერაციის წევრები არჩევანს 3 ოქტომბერს გააკეთებენ, მანამდე კი პრეზიდენტობის კანდიდატები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებენ და სპორტული სამყაროს წევრებს საკუთარ პროგრამას აცნობენ.
სწორედ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ესტუმრა გურიას პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი, რომლის თქმით, რეგიონები მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია:
_ ჩემი საარჩევნო კამპანია როდესაც დაიწყო, პირველი შეხვედრა თბილისში, კლუბებთან მქონდა და მაშინ დავპირდი მათ, რომ რეგიონებში ჩამოვიდოდი. ჩემთვის პრინციპულად მნიშნელოვანია, ვიცოდე, რა ხდება აქ, როგორია ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება ფეხბურთისადმი, როგორია კლუბების ინფრასტრუქტურა, რა პრობლემების წინაშე არიან. ძალიან მიხარია ფეხბურთელებთან შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, მათაც ძალიან უხარიათ აქ რომ მხედავენ, _ აღნიშნა "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კობიაშვილმა.
_ ბატონო ლევან, გურია რამდენად პრინციპულია თქვენთვის განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე? სავარაუდოდ,, გურიის ხმა თქვენ არ გეკუთვნით, მიუხედავად იმისა, რომ გრფფ-ს გამგეობის რამდენიმე წევრი ღიად გიჭერთ მხარს…
_ აქ იმაზე არაა საუბარი, გურიის დელეგატი კონკრეტულად მე დამიჭერს მხარს, არველაძეს თუ კვარაცხელიას. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არ არის პიროვნების, ამ შემთხვევაში ებრალიძის ხმა _ ეს არის გურიის ხმა. ლანჩხუთის "გურიას" საერთოდ არ აქვს ხმა _ გამოდის, რომ მთელ რეგიონში ერთი ხმაა და ისიც კონკრეტულად ერთ პიროვნებას _ ებრალიძეს ეკუთვნის. ეს არის ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი. ვერ დავიჯერებ, რომ გურიაში არ იყვნენ ვეტერანი ფეხბურთელები, დამსახურებული ადამიანები, კლუბები, რომლებსაც აქვთ ინტერესები. მათი მოსაზრებები უნდა გაითვალისწინონ, ჰკითხონ, როგორ ხედავენ ფეხბურთის მომავალს, ვინ მიაჩნიათ კარგ კანდიდატად. სისტემა, ფორმაა არასწორი, როცა ერთი ადამიანი, ამ შემთხვევაში, ებრალიძე, წყვეტს, რომ ეს არის მისი ხმა. ჩვენ სწორედ ამას ვეწინააღმდეგებით…
_ თუმცა, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, აღმასკომმა ებრალიძის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად, გურიის ხმა, გაურკვეველია, ვის ერგება…
_ რასაკვირველია. ტრიბუნალი შეიქმნა უეფას რეკომენდაციით და ახლა უეფას საწინააღმდეგოდ მოქმედებს _ იგი არსებობს იმისთვის, რომ დავები განიხილოს გასაჩივრების გარეშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტრიბუნალმა მიიღო გადაწყვეტილება და არც ერთის მხარე არ დაიჭირა, მოუწოდა მხარეებს შეთანხმებისკენ. ფაქტია, რომ გაურკვევლობაა რეგიონულ ფედერაციაში; ტრიბუნალი სთავაზობდა მათ შეხვედრას და პრობლემის ერთად გადაწყვეტას. საბოლოოდ კი აღმოჩნდა ისე, რომ ე. წ. აღმასკომმა არ ცნო ტრიბუნალის გადაწყვეტილება და მისი ხელმძღვანელიც კი შეცვალა. დელეგატების არჩევაც თავიდანვე არასწორად მოხდა და არაჯანსაღი საარჩევნო პროცესები დაიწყო.
_ ოპონენტები თქვენ გადანაშაულებენ იმაში, რომ სახელისუფლებო რესურს იყენებთ და ამის დასტურად კახი კალაძესთან მეგობრობა მოჰყავთ…
_ ამას ხომ ვერ გავექცევით?! კახი არის ჩემი მეგობარი და ამით ბედნიერი ვარ. თუ გამოვიყენებ ამ ურთიერთობას, არამარტო ადგილობრივ რესურსს და მეგობრობას, არამედ ჩემს უახლოეს მეგობრებს იგივე გერმანიაში, მხოლოდ ქართული ფეხბურთისთვის გამოვიყენებ. ვერავინ ვერ ვერც ერთ ფაქტს ვერ დამისახელებს, რომ ხელისუფლების ჩარევა მოხდა საარჩევნო პროცესებში. გავიხსენოთ, როგორ ტარდებოდა არჩევნები წინა ხელისუფლების დროს და როგორ ტარდება ახლა. არის სამი კანდიდატი და ყველას აქვს საშუალება, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩავიდეს რეგიონში, შეხვდეს მოსახლეობას, კლუბებს, ფეხბურთელებს და ა. შ.
_ გურიაში, გუბერნიის შენობაში შედგა შეხვედრები გურიის ფეხბურთის ფედერაციის წევრებთან, რომელსაც სუს-ის თანამშრომელიც ესწრებოდა… ეს კარგად გამოიყენა არველაძემ და ჩვენი ინფორმაციით, სახელისუფლებო ზეწოლის და ჩარევის დამადასტურებელი ფაქტები გაუგზავნა უეფას…
_ რევაზ არველაძის პრეზენტაციის შემდეგ მოვისმინე პარლამენტის წევრების კომენტარები, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ მხარს უჭერენ რევაზ არველაძეს. რამდენიმე მათგანი "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატია, რომლებსაც თავიანთ რეგიონში ძალა გააჩნიათ. ეს არ არის ჩარევა? ეს მისაღები ფორმაა, თურმე, და მე თუ კახის მეგობარი ვარ, მიუღებელია!
_ ბატონო ლევან, როგორია თქვენი საფეხბურთო პოლიტიკა და რას გააკეთებთ არჩევის შემთხვევაში?
_ პირველ რიგში, სისტემა შეიცვლება, რომელიც დღევანდელი მოცემულობით, თუნდაც ეროვნული ჩემპიონატის, თუნდაც კლუბებთან მიმართებაში, არასწორია. ფედერაცია ყოველთვის ამბობს, რომ კლუბები მუნიციპალიტეტისაა, მათთან შეხება არ აქვთ და არც აინტერესებთ. ეს არის პრინციპულად მიუღებელი მიდგომა _ როგორ შეიძლება ფეხბურთის ფედერაცია არ ინტერესდებოდეს და ჩართული არ იყოს ამ პროცესში, როგორ ხდება კლუბების დაფინანსება, იხარჯება თუ არა მიზანმიმართულად თანხები. ამ პროცესზე ფეხბურთის ფედერაცია არანაირ პასუხიმგებლობას არ იღებს და კმაყოფილდება იმ 7 მილიონით, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებს…
_ თუმცა, კლუბები საკმაოდ სოლიდურ საწევროებს იხდიან…
_ კი, და ამით კმაყოფილდება ფედერაცია _ ავსებენ თავიანთ სახელფასო, ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების ბიუჯეტს, და მორჩა. საერთოდ არ აინტერესებთ, რა ხდება რეგიონში. ეს პრობლემაა და ჩემი მთავარი ამოცანა სისტემის შეცვლაა. ასევე, შესაცვლელია ფედერაციის სტრუქტურა, რომელიც დამოკიდებულია მარტო პრეზიდენტზე და გენერალურ მდივანზე _ ვიცეპრეზიდენტს არანაირი ფუნქცია არ აქვს. პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი გვყავს და 4 წელია, ლიგა საერთოდ არ არსებობს.
_ ასევე სადაო თემაა წესდება…
_ წესდება უკვე სასაცილო თემა გახდა. იქ პირდაპირ უწერიათ, რომ აღმასკომის წევრები აირჩევიან 4 წლის ვადით, მომდევნო რიგით ყრილობამდე. რიგითი ყრილობა არის 3 ოქტომბერს და აღმასკომს დღის წესრიგში არც წევრის მიღება არ გაუთვალისწინებია, არც ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს. ასევე, არ ტარდება აღმასკომის არჩევნები. სისტემა იმდენად მოშლილია, რომ კონკრეტული ადამიანის პირად ინტერსებზეა მორგებული.
_ ბოლო დროს გურიაში ძალიან გააქტიურდა ქალთა ფეხბურთი _ ლანჩხუთსა და ჩოხატაურს გუნდებიც კი ჰყავთ. ქალთა ფეხბურთის განვითარება თუ შედის თქვენ გეგმებში?
_ ეს ინფორმაცია მაქვს და აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას. ეს, რასაკვირველია, შედის ჩემს გეგმებში. შეიძლება, დედაქალაქში არ იყოს დიდი ინტერესი, მაგრამ, ვიცი, რომ რეგიონებში არის მოთხოვნა. თუ გოგონას უნდა ფეხბურთის თამაში, რასაკვირველია, ხელი უნდა შეუწყო. მე იმ ქვეყანაში ვცხოვრობდი, სადაც ქალთა ფეხბურთს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ამ კუთხით აუცილებლად ვიმუშავებთ.
_ როგორია თქვენი წარმატების ფორმულა და რას ურჩევთ მომავალ ფეხბურთელებს?
_ ბევრი რამის გაკეთება მოუწევთ. საკუთარი გამოცდილებიდან ვიტყვი _ ჩემს კარიერაში ბევრ რამეზე მომიხდა უარის თქმა, რომ ფეხბურთი მეთამაშა. ყველაზე მნიშვნელოვანი დისციპლინაა და ამის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. უნდა გიყვარდეს რასაც აკეთებ. მინდა, ყველა ახალგაზრდას ვურჩიო _ იყვნენ მიზანდასახულები, პროფესიონალები, დაიცვან დისციპლინა და ბევრი იშრომონ. ბუნებრივია, რომ ჩვენი მხრიდან ამ ყველაფერს ხელშეწყობა სჭირდება და ასე იქნება.
კობიაშვილის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, რეგიონებს ხშირად ესტუმრება, კლუბების პრობლემებითაც დაინტერესდება და მათ მოგვარებაზეც იზრუნებს:
_ გაძლევთ პირობას, რომ სამი ოქტომბრის შემდეგ, რეგიონებს უფრო ხშირად ვესტუმრები და გურიაშიც აუცილებლად ჩამოვალ, _ გვითხრა ლევან კობიაშვილმა.