ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ბოლო 20 წლის მანძილზე შიდა ცენტრალური გზა არ შეკეთებულა. თუ არ ჩავთვლით სოფლის ცენტრამდე შესრულებულ "დაკერებით" სამუშაოებს, რომელიც ერთი წლის ხანგრძლივობითაც ვერ ძლებს. მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვს აღნიშნული მონაკვეთის გაკეთებას, თუმცა შეთანხმება ვერასდროს მოხერხდა. მიზეზი მუდამ ერთი იყო _ საჭირო თანხა ვერ გამოიყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე "გურია ნიუსთთნ" ამბობს, რომ სოფელ ჭანიეთში მხოლოდ 2017 წლისთვის იქნება შესაძლებელი შიდა ცენტრალური გზის კაპიტალური რემონტი. მომავალ 2016 წელს ეს არ მოხერხდება.
"წელს ჭანიეთში საბავშვო ბაღი შენდება, სკოლის მშენებლობაც იწყება. ყველაფერს ერთად იქ ხომ ვერ გავაკეთებთ," _ გვითხრა გამგებლის მოადგილემ.
ჭანიეთელთა დიდი ნაწილი კი, ვიდრე საპროტესტო აქციას მიმართავდეს, აპირებს შეხვდეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.
"ჯერ მივალთ და შევხვდებით ხელმძღვანელ პირებს. მეოთხედი საუკუნეა, სოფლის შიდა გზა არ შეკეთებულა, ცენტრიდან კილომეტრზე მეტი მანძილი ორმოებითაა სავსე, ასფალტის ნაგლეჯებიღაა დარჩენილი და მანქანით გადაადგილების მსურველებს ხშირად შემოვლითი გზით უხდებათ სიარული. მუდამ დაპირების იმედად ვერ ვიქნებით. კონკრეტული პასუხი გვაინტერესებს, მერე კი პროტესტის ფორმითაც გამოვხატავთ ჩვენს მოთხოვნას," _ ამბობენ ისინი.