"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ბიზნესმენ არჩილ ვეკუას საქმე პოლიტიკური პროცესია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები არიან ჩართულები.
ამის შესახებ ხატიაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ვეკუას საქმეზე, დიპლომატიური მისიებისა და არასამთავრობო ორგანისაციების მონაწილეობით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა სადაც ხატიაშვილმა დამსწრეებს ვეკუას შესახებ მომზადებული ფილმი წარუდგინა.
"სამარცხვინო იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც პირდაპირ შეეხო ზუგდიდის გამამართლებელი განაჩენის გამამტყუნებელით შეცვლას. საეჭვო იყო შვეიცარიის ყოფილი ელჩის, ბეხლერის განცხადება, რომელიც დაინტერესებული იყო საქმის შედეგით. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ეს არის ახალი ხელისუფლების პირობებში, ბიზნესმენის კლასიკური დევნა. ბიზნესმენი იძულებული გახდა გაქცეულიყო საქართველოდან. როდესაც ორ ბიზნესმენს შორის სამოქალაქო დავაში გაიმარჯვა ქართველმა ბიზნესმენმა, მაშინვე ერთვება საქმეში სახელმწიფო მანქანა და იწყება ქართველი ბიზნესმენის დევნა. ასევე, შვეიცარიის ყოფილი ელჩი გიუნტერ ბეხლერი აკეთებს განცხადებას და მაშინვე მას ხვდება მთელი სახელისუფლებო ელიტა. ამის შემდეგ კი, პრემიერი ღარიბაშვილი აკეთებს განცხადებას, რომ მან დაავალა შსს-ს ამ ფაქტის შესწავლა. ვინ ეკითხება პრემიერ-მინისტრს ამას , როდესაც სასამართლოშია საქმე", _აღნიშნა ხატიაშვილმა და დასძინა, რომ ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლო სისტემაზე.
"ზუსტად ასეთი დაუფიქრებელი განცხადებების გამო, რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭომ საკმაოდ სერიოზული განაჩენი გამოუტანა ღარიბაშვილის ხელისუფლებას, რაც ცივი შხაპივით იყო", _ განაცხადა ხატიაშვილმა.
როგორც შეხვედრისას ბიზნესმენ ვეკუას ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, უზენაესმა სასამართლომ 2 დღის წინ, გააუქმა არჩილ ვეკუას სასარგებლო გადაწყვეტილება, რომელიც ორ ინსტანციაში იყო მიღებული – ზუგდიდის რაიონულ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
ამ გადაწყვეტილებებით, არჩილ ვეკუას ყოფილ პარტნიორს, ალი რიზა კიზილდაგს დაკისრებული ჰქონდა 313 ათას 750 ლარის გადახდა, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ საქმე უკან განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.
"ვეკუას მიმართ ხორციელდება არასამართლიანი მართლმსაჯულება. შესაბამისად, ასე თუ გაგრძელდა, იძულებული გავხდებით ევროსასამართლოს მივმართოთ. არჩილ ვეკუას და ალი რიზა კიზილდაგს ჰქონდათ თხილის ერთობლივი ბიზნესი. კიზილდაგი არის შვეიცარიის ყოფილი ელჩის, გიუნტერ ბეხლერის მეგობარი, მისი მხარდაჭერით მოიპოვა საქართველოს ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი და გახსნა საწარმო ზუგდიდში. როდესაც მან არჩილ ვეკუასთან საქმე წააგო, დახმარებისთვის სწორედ ბეხლერს მიმართა. ამის შემდეგ შეიცვალა ყველა გადაწყვეტილება, რაც ვეკუას სასარგებლოდ იყო მიღებული", _ განაცხადა გიგუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ არჩილ ვეკუას ყოფილ პარტნიორთან სამართლებრივი დავის საფუძველზე, დაუსწრებლად, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.