სირიაში რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში, რუსული სახმელეთო მებრძოლებიც ჩაებმებიან. აღნიშნულ ინფორმაციას THE NEW YORK TIMES ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რუსეთის საჰაერო ძალებმა, თურქეთის სამხედრო საჰაერო სივრცე უკვე ორჯერ დაარღვიეს, თუმცა მიუხედავად დარღვევის აღიარებისა, რუსული მხარე აცხადებს, რომ საჰაერო სივრცის გადაკვეთა ნავიგაციის შეცდომა იყო.
რუსეთის საჰაერო და სახმელეთო ძალების განლაგების გამო სირიაში, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ნატო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეშფოთება გამოთქვა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა შესაძლოა ძირეულად შეცვალონ კონფლიქტის მიზეზი, რის შედეგადაც 250 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სირია მოსახლეობის ნახევარმა დატოვა.
როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიაში სახმელეთო სამხედრო ძალებს არ შეიყვანდა, თუმცა როგორც მისმა სამხედრო მოკავშირემ, ადმირალმა ვლადიმერ კომოიედოვმა ორშაბათს, პარლამენტში გაამხილა, მოხალისეებს სირიაში გააგზავნიან, რაც 2014 წლის მარტში რუსეთის მიერ განხორციელებულ ტაქტიკას გავს, როდესაც ყირიმის ხელში ჩასაგდებად უკრაინაში ამბოხებულების დასახმარებლად მოხალისეები გაგზავნა.
ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირების თქმით, სირიაში უკვე 600-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება; თუ არ ჩავთვლით, თვითმფრინავის ეკიპაჟს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზის მიმდებარედ კარვებში 2000-მდე სამხედრო ცხოვრობს.
როგორც ცნობილია, რუსეთმა სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები გასულ კვირას დაიწყო, თუმცა მათი სამიზნე გაურკვევლობას იწვევს.
მას შემდეგ, რაც რუსული თვითმფრინავები თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთის ქმედებებს განზრახ პროვოკაციული უწოდა, რასაც ადმირალი კომოიედოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსი მოხალისეები სირიისკენ მიმავალ გზაზე არ შეიძლება შეჩერდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სირიამ ოფიციალურად დახმარება მოსკოვს სთხოვა, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ ამერიკაც იბრძვის. თუმცა ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სიმშვიდის დასამყარებლად სირიის პრეზიდენტი უნდა გადადგეს.