ურეკი-შრომის სახელმწიფო მნიშვნელობის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა ამ დრომდე შეჩერებულია. ამის მიზეზი გზის ჩამონგრევა გახდა. თავდაპირველი ვერსიით ნგრევა მეწყერმა გამოიწვია, თუმცა, როგორც „გურია ნიუსს“ ადგილობრივებმა უთხრეს, მეწყერი არაფერ შუაშია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი გურია ნიუსთან საუბრისას ამბობს, რომ სიტუაციას ადგილზე სამინისტროდან გაგზავნილი ჯგუფი სწავლობს:
_ წვიმის შედეგად ერთი ადგილი შევიწროვდა და გაბიონი დაზიანდა. იქ უკვე არიან ჩვენი წარმომადგენლები, აღწერენ მოცულობას, დაასურათებენ და ხვალ განვიხილავთ.
_ ბატონო ირაკლი, როგორც ვიცით, ეს არის გასულ წელს გაკეთებული გზა, რომელზეც მილიონებია დახარჯული… ამასთან ერთად გზის ჩამოშლა გამოიწვია არა მეწყერმა, არამედ ძლიერმა წვიმამ…
_ შარშან გაკეთებულს რა მნიშვნელობა აქვს?! ჯერ გზა ჩაბარებული და დასრულებული არ არის. მანდ გვყავს კონტრაქტორი, რომელსაც აქვს ვალდებულება, რომ დაზიანების შემთხვევაში აღდგენა მოახდინოს. კიდევ ერთ წელი ექნება ამის ვალდებულება. რაც შეეხება მიზეზს, ამას გამოვიკვლევთ და გავარკვევთ. გეთანხმებით, რომ მეწყერი არ არის, მაგრამ იქ რომ ნიაღვარი მოდიდოა, შეიძლება სადღაც გაიარა, რაღაც ჩახერგა, რაღაც გამორეცხა და ამან განაპირობა გზის დაზიანება. თუმცა, ეს საგანგაშო არ არის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლითანიშვილმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც დაზიანების მიზეზი გაირკვევა, გზის აღდგენა უმოკლეს დროში მოხდება.
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემტხვევის ადგილს