9 ოქტომბერს, თბილისში დაბრუნდება საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რომელმაც ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე 2 გამარჯვება მოიპოვა და 2019 წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა. ც-ჯგუფში მესამე ადგილს და შესაბამისად მომდევნო მსოფლიოს თასის საგზურს საქართველოს ნაკრები იმ შემთხვევაში დაკარგავს თუ ტონგა ახალ ზელანდიას დაამარცხებს, რაც თითქმის წარმოუდგენელია.
მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად დახვდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია, შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე.
მილტონ ჰეიგის გუნდმა 19 სექტემბერს ტონგა 17:10 დაამარცხა, 25 სექტემბერს არგენტინასთან 9:54 დათმო, 2 ოქტომბერს კი ახალ ზელანდიასთან მატჩი 10:43 წააგო. 7 ოქტომბერს გადამწყვეტი შეხვედრა ნამიბიასთან გამართა და 17:16 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების რამდენიმე მორაგბე (მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან დათუნაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, ლაშა მალაღურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, კოტე მიქაუტაძე) პირდაპირ საფრანგეთში გაფრინდა და საკუთარ კლუბებს დაუბრუნდა.
ინგლისში მსოფლიოს თასის დასრულებამდე დარჩება რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძეც, რომელიც საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და სხვა ქვეყნების რაგბის კავშირის პრეზიდენტებთან საქმიან შეხვედრებს გამართავს. სამშობლოში დაბრუნდებიან ნაკრების სხვა მოთამაშეები, მწვრთნელები, მენეჯერები, ექიმები და გუნდის სხვა წევრები.