გასულ გაზაფხულზე, მაისში, ხონში ნოდარ დუმბაძის მემორიალი და სამუზეუმო კუთხე იმ სახლში გაიხსნა, სადაც მწერლის დედა ანა ბახტაძე დაიბადა, შემდეგ კი ნოდარ დუმბაძემ ბავშვობის რამდენიმე წელი გაატარა.
1989 წლიდან ამ ქუჩას ნოდარ დუმბაძის სახელი ჰქვია, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მწერლის ბიძაშვილს დალი ბახტაძეს. მისი ინიციატივით, ქუჩას, რომელსაც ხან ჩელიუსკინელების და ხანაც წივწივაძის სახელი ერქვა, 26 წლის წინ, საბოლოოდ ეწოდა ნოდარ დუმბაძის სახელი.
პოპულარული მწერლის ბიოგრაფიული მონაკვეთის იმ პერიოდის შესახებ, რომელიც მან ხონში გაატარა, ნაკლებად იციან როგორც მთელ საქართველოში, ისე გურიაშიც.
გასულ გაზაფხულზე, ხონის საზოგადოების მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე ბიზნესმენ იუზა უგულავას დახმარებით, მწერლის მემორიალური დაფა დედისეული სახლის კედელზე გაიხსნა. სწორედ ამ შეხვედრის ემოციურ დეტალებს იხსენებს ნოდარ დუმბაძის დედისეული სახლის დღევანდელი მეპატრონე, ხონის მესამე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ქალბატონი ტატა ჩიხლაძე, რომელიც ათეული წლების მანძილზე, ზღაპრების წიგნების შემდეგ, ნოდარ დუმბაძის შემოქმედება და ბიოგრაფია მოსწავლეთა პირველ სავალდებულო საკითხავ მასალად აქცია და მწერლის ლექსებისა და მოთხრობების მიხედვით დაწერილი და დადგმული უამრავი სპექტაკლებისა თუ საჯარო სანახაობის მოწმე გახადა მრავალი თაობა.
ტატა და უშანგი ჩიხლაძეებმა ნოდარ დუმბაძის დედისეული ოჯახი, 1969 წელს, ნოდარის დეიდისგან _ თამარ ბახტაძისგან შეიძინეს.
_ დედაჩემიც ბახტაძის ქალი იყო. თამარმა ეს სახლი განსაკუთრებული ნდობით მოგვყიდა. მანამდეც ბევრი კლიენტი ჰყავდა, მაგრამ არავიზე არ გასცა. მე და ჩემმა მეუღლემ იმ წუთიდანვე ვიცოდით, ამ ოჯახის ყიდვით, როგორ პასუხისმგებლობას ვიღებდით ნოდარ დუმბაძის ხსოვნის წინაშე. პირველ რიგში, ვეცადეთ, კარმიდამოს ძველი იერი არ დაჰკარგვოდა. თვალისჩინივით ვუფრთხილდები ნოდარის ბავშვობისდროინდელ ჭადრაკს, რომელიც მისი საკუთრება ყოფილა. სულ თამაშობდა, თურმე. მე პირველად ხონის პირველ სკოლა-ლიცეუმში ვმუშაობდი და მაშინ გერმანული ენის მასწავლებელმა ელიკო გიორგბერიძემ მომიტანა ნოდარის უზარმაზარი სურათი, ნიშანდობლივი ღიმილით. ეს იყო 25 წლის წინ. ოჯახში ერთ-ერთ სათავსოში ვიპოვე ძველებური ჩარჩო, ხელში ძლივს ავწიე. ნამდვილად ბახტაძეების ოჯახის დანატოვარი იყო, რადგან აქ ჩვენ ასეთი არაფერი მოგვიტანია. გავასუფთავე, ლაქი წავუსვი, ჩავსვი ნოდარის სურათი და მას შემდეგ ჩვენი სახლის შესასვლელ დარბაზში ჰკიდია, სადაც მწერლის მინი-მუზეუმი მაქვს მოწყობილი…
ამ ოჯახში პატარა ნოდარი ჩამოუყვანიათ, ათიოდე წლისა. როცა ქალბატონი ანიკო ბახტაძე დააპატიმრეს, მას დისთვის დაუბარებია, ჩაკიდე ბავშვებს ხელი და ხონში ჩაიყვანეო. ასე დაწყებულა მომავალი მწერლის ბავშვური ცხოვრების წლები დედულეთში… 20-ჯერ დავდგი წლების მანძილზე ნოდარ დუმბაძის "სისხლი" 40 პატარა მოსწავლის მონაწილეობით. თავიდანვე დაწყებითი კლასების მასწავლებლად ვმუშაობდი და ჩემს ერთ-ერთ მთავარ სამუშაო მიმართულებად ნოდარ დუმბაძის შემოქმედება მქონდა დასახული. ბავშვების ენით მიმქონდა მაყურებლამდე მწერლის ბიოგრაფია და შემოქმედება. მის ნაწარმოებებში ხომ ხონში გატარებული ბავშვობის დღეების მთელი წყება მონაცვლეობს. ამის დასტურია "სისხლი", რომელიც ჯერ კიდევ 1975 წელს, ნოდარ დუმბაძის საიუბილეო საღამოზე ჩემი მოსწავლეების მონაწილეობით წარვადგინე. და გრძელდება ასე, დღემდე. "გოფოძეების წისქვილის" ტოპონიმიკა ხომ ყველა ხონელმა ბავშვობიდანვე იცის… _ ემოციურად გვიამბობს და უხმოდ ტირის ქალბატონი ტატა, ტირის წამიერად თავშებრუნებული, მერე კი სასწრაფოდ მარიგებს, რომ ზედმეტი და საპიარო არაფერი დავწერო. თუმცა იქვე ვეუბნები, რომ ამ ამბის დამალვა არ იქნება, საკმარისია, რაც დაუცხრომლად იღვაწა, ნახევარი საუკუნის მანძილზე ისე ელოლიავა ოჯახის ძველი ბინადრების და ნოდარ დუმბაძის ხსოვნას, რომ თავი არასოდეს წამოუწევიათ, შეგვხედეთ, რა საქმეს ვაკეთებთო. არადა, საოჯახო ცხოვრებითა და პედაგოგიური მოღვაწეობით ქალბატონი ტატა ჩიხლაძე მართლაც ეროვნულ საქმეს აკეთებდა და აკეთებს სახელოვანი მწერლის დედულეთში, მისივე ხსოვნისა და შემოქმედების უკვდავსაყოფად.
მოგონებებს რაც შეეხება, ტატა ჩიხლაძე იხსენებს მეზობლად მცხოვრები ჭანტურაიების ოჯახის უფროსი ქალბატონის ოლია ჭანტურაიას მონათხრობს, რომლის ოჯახშიც, ბავშვობისას, ყოველდღე თამაშობდა მომავალი მწერალი. ნოდარ დუმბაძე დიდობის ასაკშიც ხშირად ჩამოდიოდა, თურმე, ხონში და განსაკუთრებული სიყვარულით მოიკითხავდა ჭანტურაიებს. მოგვიანებით, ჯანსუღ ჩარკვიანთან და მორის ფოცხიშვილთან ერთად ჩასულა. დამსხდარან ბუხართან, ქალბატონი ოლია კი ფუსფუსებდა, რომ სტუმრებისთვის საკადრისი სუფრა გაეწყო. ერთი ზედმეტად ბუმბულშემოცლილი წიწილა თან დასდევდა, თურმე, ოჯახის ქალბატონს. მიბრუნებულა ნოდარი და უთქვამს, ოლია დეიდა, მომიტანე ერთი პატარა ჯოხი, ბარემ წამოვაცვამ ამ წიწილას და აგერ, ბუხარში შევწვავო…
იუმორის დიდოსტატი ჩვეული ხუმრობით განსაკუთრებით ლაღი ყოფილა დედულეთში სტუმრობისას.
ტატა ჩიხლაძე იხსენებს იმ პერიოდსაც, როცა პარტიულ ნომენკლატურას პროტოკოლი წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული. რაიონში ჩამოსულ სტუმარ მწერალს, ბუნებრივია, ეპატიჟებოდნენ რესტორანშიც. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას რესტორან "ნიავქარში" მიმავალ ნოდარს, რომელსაც სწორედ დედის ყოფილი სახლის წინ უნდა გაევლო, დიდხანს უცქერია ჩიხლაძეების სახლისთვის, ოლია ჭანტურაიასთვის კი დაუბარებია, მადლობა გადაეცი ამ სახლის მობინადრეებს ჩემი ბავშვობის შენახვისთვისო.
_ ნოდარ დუმბაძის ცოცხალ ნათესავთა და მეგობართა ხონში მცხოვრები ის ნაწილი, რომელიც მწერლის, როგორც საკუთარი შვილის ხსოვნას, ფანატიზმამდე მისული ერთგულებით ინახავს, ყოველ წელს იკრიბება და საკუთარი გადმოსახედიდან ჯერ იხსენებს მწერლის აქ გატარებულ ბავშვობას და შემდეგ კაცთა მოდგმისთვის სულიერ საზრდოდ ქცეულ მის შემოქმედებაზე საუბრობს. ეს აქ ჩვეულებრივი ამბავია. უჩვეულო ის არის, რომ ამ ყველაფრის აფიშირებას არასოდეს ცდილობენ. უდიდესი სურვილი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, არის ხშირად ჩასვლა მწერლის მშობლიურ გურიაში. მწერლის დედისეული მხარის მეტი სიახლოვის განცდა მამისეულ მხარესთან. ეს ნაბიჯი, ყველაფერთან ერთად, მეტ სიახლეს ამცნობს მწერლის შესახებ როგორც გურულებს, ისე იმერლებს. მე რა მინდა? მინდა მწერლის ნაქონი თუნდაც უბრალო ნივთი, რომელსაც ჩემს მუზეუმს შევმატებ მწერლის დედულეთში, მისი დედის სახლში, სადაც მან ბავშვობის არაერთი წელი გაატარა, _ გვეუბნება ქალბატონი ტატა და გვიმხელს, რომ მწერლის ქალიშვილი შეპირდა ნოდარ დუმბაძის ახალ სურათს, რომელსაც დღემდე ელოდება, _ დღემდე ისეთი რწმენით დავაბიჯებ ამ ეზო-გარემოში, რომ ნოდარის სული აქ არის, არ ვიცი, იქნებ, ადგილის დედა შთამაგონებს ამას თუ პირადი განწყობა. ჩემი ცხოვრების წარმმართველი პრინციპი ასეთი ყოფაა და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.
ქალბატონი ტატა ჩიხლაძე აღნიშნავს იმასაც, რომ რაც თავი ახსოვს, განკუთვნილ დროს, ეკლესიაში ლოცულობს და ყველა გარდაცვლილი ნათესავის სახელთან ერთად, ნოდარ დუმბაძის და მისი დედის, ქალბატონ ანას სულს მუდამ იხსენიებს ლოცვებში. _ რაკი დიდი მწერლის მშობლის ოჯახის მობინადრე ვარ, შთაგონებით ვარ განწყობილი ღვთის წინაშე, რომ ჩემი ვალია, მათი სულებისთვის ვილოცო, _ ასრულებს საუბარს და მაბარებს, ნოდარის მშობლიური გურია, სადაც მიწვდე, კუთხე-კუნჭულ მომიკითხეო. ვპირდები, რომ ჩვენი მკითხველი, ყველა ნაცნობ-მეგობარი აუცილებლად მიიღებს ამ მოკითხვას.