რეგიონული მედიის ასოციაციამ, ჩოხატაურში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის სემინარი გამართა.
სემინარის მიზანი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება, ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და მათ მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობა გახლდათ.
საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი (როგორ ნაწილდება ხელისუფლება სამ ინსტიტუციას შორის – პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა); ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის გზები (უშუალო დემოკრატია – არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი); როგორ ხდება არჩევითი ორგანოების ფორმირება (საარჩევნო სისტემა საქართველოში); მოქალაქეებს და არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპები (ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ინფორმირებული მოქალაქე) _ ეს იყო ის თემები, რომლებზეც ახალგაზრდებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.
სემინარის მონაწილეებს სამახსოვროდ საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ჩაერთონ ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში: საუკეთესო ესსე, საუკეთესო ფოტო, საუკეთესო სლოგანი.
ამ ინფორმაციამ ახალგაზრდების დაინტერესება გამოიწვია და როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აღინიშნა, კონკურსებში აქტიურად ჩაერთვებიან.
სემინარი ორგანიზებული იყო „საარჩევნო სისტემების რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრის“ დაფინანსებული პროექტის -„რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის“ – ფარგლებში.
(R)