ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკის კულტურის სახლის დირექტორმა, ქეთევან ლორთქიფანიძემ მის თანამშრომელს, ნანა ბოლქვაძეს ახალი სასწავლო წლიდან შორმითი ხელშეკრულება არ გაუგრძელა. ნანა ბოლქვაძე "გურია ნიუსს" დაუკავშირდა. მისი თქმით, დღემდე არ აქვს კონკრეტული პასუხი, რის გამო არ გაუგრძელეს ხელშეკრულება.
"ნუთუ ჩემი დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ 2011 წლის 4 თებერვალს დავაფიქსირე ჩემი სოლიდარობა ბანკი "ქართუსადმი"და ბიძინა ივანიშვილისადმი გადაცემა ,,მაცნეში", რისთვისაც მომხსნეს, ქ.ბათუმის "ხალხური ხელოვნების სკოლიდან?'' ღამღამობით კაფეში ვმუშაობდი, ქირის ფული და ბანკის ვალები, რომ გამესტუმრებინა, ხოლო დღისით არ გამომიტოვებია არცერთი აქცია. ნუთუ ჩემი დანაშაული ის არის, ნაცებით გარეშემორტყმულ 24 უბანზე ბათუმში, კომისიის წევრი ვიყავი (საპარლმენტო არჩევნებზე)? მახსენდება როგორი ამაყი ვიყავი მაშინ! ნუთუ ნიკო გომელაურის და ჯაზის ისტორიის წაკითხვისათვის, რუსული დიპლომისათვის ( ვარ ბაკალავრი და მაქვს დამთავრებული ყაზანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი) უნდა გამოვეგდე, კულტურის სახლის დირექტორს მარტოხელა 53 წლის ქალი?! ეს ქალბატონი ახლა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ოცნების'' წარმომადგენელია და გარს შემოიკრიბა ისევ "ნაციონალები", იმავე კლუბში მის საწინააღმდეგოდ თათბირებს რომ ატარებდნენ ერთ დროს.
დიახ! ეს ხდება კულტურის სახლში, რომელიც გაარემონტა ბიძინა ივანიშვილმა, რომელშიც სითბო და ძალიან კარგი ხელფასებია, მაგრამ მერწმუნეთ, სამუსიკო სტუდიის ბაშვებისათვის – არა! საგუნდოს მასწავლებელი ასწავლის თითქმის ყველა საგანს, მაგრამ გუნდი კი არ არსებობს. მე კი უფლება არ მქონია აქ ვასწავლო მუსიკის ლიტერატურა, ხოლო სოციალურად დაუცველ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებს, სრულიად უფასოდ ,"მუსიკის ანბანი".
ნუთუ ამისთვის ვიბრძოდით? "როდის დაბრუნდებით მასწ." – ხშირად მეკითხებიან ბავშვები… "მალე,მალე'' – ვპასუხობ მეც ცრემლმორეული.. .მაგრამ უკვე აღარ მჯერა! უკვე ვიცი, რომ მეც ვატყუებ ბავშვებს!
მოგმართავთ თხოვნით, ბატონო პრემიერო! მაქვს თუ არა ამ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება, თუ ეს მხოლოდ "ნაციონალების" პრეროგატივაა?!
. დიდი იმედი მაქვს სამართალი გაიმარჯვებს და ჩემი შელახული ღირსებაც აღდგება." – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ნანა ბოლქვაძემ.
"გურია ნიუსი" დაბა ურეკის კულტურის სახლის დირექტორს, ქეთევან ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, პოლიტიკური განცხადებები ამ შემთხვევასთან არაფერ შუაშია. მან სატელეფონო საუბრის დროს ახსნა, თუ რის გამო არ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება ნანა ბოლქვაძეს.
" ეს არის მუსიკალური სკოლა და მივიღეთ გამოსაცდელი ვადით. ნანა ავიყვანეთ თებერვალში და თუ შემოვიდოდა ბავშვთა კონტიგენტი, მაშინ სექტემბერში გავუგრძელებდით ხელშეკრულებას. მის გარდა არის კიდევ სამი პედაგოგი, რომლებიც დიდი ხანია ჩვენთან მუშაობს და რომელი მათგანი დაუთმობდა ბავშვებს? მიუხედავად ამისა, მოხდა ორი ბავშვის დათმობა. ასევე ნანამ გამოთქვა პრენტეზიები, გარკვეული საგნები მინდა ვასწავლოო, რომელიც ჩვენთან სტუდიაში არ ისწავლება. ისწავლება მხოლოდ საბავშვო ბაღში და დაწყებით სკოლაში. არ არიან ბავშვები, არ შემოვიდა სექტემბერში ეს კონტიგენტი და რა გვექნა?! აქვს კაზანში დამთავრებული მუსიკალური სასწავლებელი და არ აკმაყოფილებს მუსიკალური სტუდიის და სკოლის მოთხოვნებს. საბავშვო ბაღის პედაგოგია, ბავშვი მუსიკალურ ანბანს, რომ სწავლობს, ისეთი განათლება აქვს. არანაირი უკანონობა მე არ ჩამიდენია, სასამართლოს მიმართოს თუ უნდა და ვისაც უნდა, იმასთან მივიდეს. კანონიერად შეუჩერდა ხელშეკრულება, რადგან შტატი არ მქონდა და დაფინანსებაც მცირდება სტუდიის."
_ ქალბატონი ნანა ასევე ამბობს, რომ "პორტირებულ" "ნაცმოძრაობის" წევრებს უწევთ მფარველობას და ამის გამო მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება.
_ ყველას კითხეთ ვისაც გინდათ, ჩვენთან, სტუდიაში ვინმე თუ არის პორტირებული ნაციონალი. ბატონი ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულია კულტურის სახლი და ყველა მის სიყვარულში ვმოქმედებთ დღესაც. ნუ მანიპულირებს პოლიტიკური განცხადებებით. ახლა ისიც გავიგე, რომ თურმე შიმშილობას იწყებს და ეს არის მისი ნება. ნამდვილად, კანონიერად ვმოქმედებდი." – თქვა ქეთევან ლორთქიფანიძემ.






























































