პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის HAKKI EHILIOGLUS-ს ეკიპაჟის 4 ქართველი წევრი, ერთი წელია ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის პორტში იმყოფება მათი ოჯახის წევრები, შესაბამის უწყებებს. დახმარებას სთხოვენ.
ფოთელი გიორგი საპანაძე, ბათუმელები _ მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე, თურქულ კომპანია STARLET SHIPPINGIS-ის კუთვნილი გემის ბორტზე, ექვსთვიანი ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის 21 თებერვალს ავიდნენ და როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მოტყუებით, კანონის დარღვევითა და თაღლითური გზით ამყოფებენ გემზე.
„მეზღვაურები გემზე, ამ დრომდე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იმყოფებიან, მოტყუებით შეიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სახეზეა ნათლად გამოხატული ტრეფიკინგი თურქი გემთფლობელის მხრიდან. რატომ არ სთხოვს პასუხს საქართველოს საკონსულო გემთმფლობელს, რომელმაც გემი და ოთხი მეზღვაურის სიცოცხლე ერთმანეთთან გააიგივა, როგორც ნივთი და არანაირად არ ცდილობს მათ გამოყვანას ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც ჩვენს ხელისუფლებას ხელი არ მიუწვდება? რატომ არავინ ინტერესდება იმით, თუ ვინ არის გემის მეპატრონე, რომელმაც ყოველგვარ კანონს, ადამიანურ მორალს გადააბიჯა და ძალადობრივი, თაღლითური ქმედებით მეზღვაურებს იძულებულს ხდის, გემზე იმყოფებოდნენ“, _ გვითხრა მარინე საპანაძემ, რომელიც მეზღვაურების ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბრობს.
„მეზღვაურების ჯანმრთელობა და ფსიქიკა კრიტიკულ მდგომარეობაშია. საკონსულო 2011 წლის 26 დეკემბრიდან გვპირდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში დაგვიბარეს, ტელეფონით დაგვაკავშირეს ბატონ გიორგი კარბელაშვილთან, რომელიც დახმარებას დაგვპირდა, თუმცა, ამის შემდეგ არავინ შეგვხმიანებია,“ _ ამბობს მარინე საპანაძე.
მარინა საპანაძემ, სხვა მეზღვაურების ოჯახის წევრებთან ერთად, უკვე მიმართეს წერილობით სხვადასხვა უწყებებს და საქართველოს პრეზიდენტს, ის დახმარებას ყველას ითხოვს და საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას ითხოვს.
„მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პარლამენტის ადამიანთა უფლებების დამცველ კომიტეტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას და კიდევ ერთხელ პრეზიდენტს, დაიცვან ქართველი ქართველი მეზღვაურების უფლებები. დაეხმარონ მათ სახლებში დაბრუნებაში. რატომ ხდის თურქი გემთმფლობელი იძულებულს მეზღვაურებს, რომ გადმოვიდნენ თავისი ფეხით აფხაზეთიდან? რატომ უქმნის პირობას, რომ დაესვას მათ სიცოცხლეს კითხვის ნიშანი, ე.წ საზღვრის გადმოკვეთისას? ვინ არის პასუხისმგებელი ამ ოთხი ადამიანის უფლებების დაცვაზე? ღვთის გულისთვის, იქნებ, ვინმემ მოგვხედოს“, _ ამბობს, მარინე საპანაძე.