საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დღეს, გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ნიკო მარის დაბადებიდან 150 წლის იუბილე აღნიშნეს.
როგორც ცნობილია, ნიკო მარს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული და სომხური ფილოლოგიის განვითარებაში. ის სანქტ-პეტერბურგშია დაკრძალული.
ღონისძიებაზე ნიკო მარი აკადემიკოსებმა გაიხსენეს და გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ მოხსენებები წაიკითხეს.
ღონისძიებას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და შემოქმედის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) დაესწრნენ.
როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას გურიის გუბერნატორმა აღნიშნა, აპირებს შექმნას პროექტი, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები გურიაში მცხოვრებ ბავშვებს სხვადასხვა გამოჩენილ მეცნიერების შესახებ ესაუბრებიან.
"ნიკო მარის მოღვაწეობის შესახებ მეცნიერებმა უნიკალური ლექციები წაიკითხეს. მე მაქვს შეთავაზება, რომ შევადგინოთ პროექტი, რათა ეს მეცნიერები ჩამოვიდნენ გურიაში და ბავშვებისთვის როგორც ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი და კიდევ ბევრი სხვა მოღვაწე ცნობადები გახადონ. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა წაიკითხონ, ნახონ, გაიგონ თუ ვინ გვყავდა ჩვენ, ვსაუბრობ არა მარტო გურულებზე, არამედ ყველა მეცნიერზე, რომლებსაც უზარმაზარი ღვაწლი აქვთ საქართველოს ისტორიაში. მაქსიმალურად ვეცდებით მხარი დავუჭიროთ ჩვენს მეცნიერებს, რომ რეგიონში გააცნონ ახალგაზრდობას ის საკითხები, რის შესახებაც დღეს აქ ისაუბრეს,"_ განაცხადა გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ.
როგორც შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებმა "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნა, უფრო მეტი შრომაა საჭირო ნიკო მარის ღვაწლის წარმოსაჩენად.
"ნიკო მარს როგორც ენათმეცნიერების, ასევე მეცნიერების განვითარებაში უდიდესი როლი მიუძღვის. ძალიან კარგია, რომ ჩვენმა მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს მის ღვაწლს, თუმცა უფრო მეტი შრომაა საჭირო ნიკო მარის ნაშრომის ქართველი ერისათვის წარმოსაჩენად. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კიდევ გაიმართება ძალიან კარგი იქნება. ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი ვინც აფასებს იმ ღვაწლს, რაც ნიკო მარმა ჩვენი ერისა და ქვეყნისთვის გააკეთა",_ განაცხადა შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებმა.
აკდემიკოსმა გუჩა კვარაცხელიამ მეცნიერებათა აკადემიის პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეცნიერები კადრების ნაკლებობას უჩივიან, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ქართველი ახალგაზრდობა მეცნიერებას აღარ ესწრაფვის.
"სახელმწიფო შეძლებისდაგვარად გვეხმარება, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მეცნიერების მიმართ ლანძღვის მეტი არაფერი ისმის. დაბალი ხელფასების გამო ახალგაზრდობა მეცნიერებით აღარ ინტერესდება, რაც კადრების დეფიციტს იწვევს. ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფო მატერიალურად ძლიერი არ არის, მაგრამ ჩვენ უფრო მორალური მხარდაჭერა გვჭირდება. ახალგაზრდებისთვის სტიმული იქნება, თუკი ხელისუფლება აზრს გვკითხავს, მაგრამ არც წინა და არც ახლანდელი მთავრობა ჩვენით არ ინტერესდება", _ აღნიშნა გუჩა კვარაცხელიამ "გურია ნიუსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ პატარა ქვეყანაში მეცნიერების ადგილი არ არის.
"საზოგადოების ნაწილი, მათ შორის ხელისუფლების წევრებიც, ფიქრობენ, რომ მეცნიერული მიღწევების იმპორტი სჯობს დიდი ქვეყნებიდან, ხოლო პატარა ქვეყანაში მეცნიერების ადგილი არ არის, რაც საზიანოა, როგორც ქვეყნისთვის, რომელსაც ამხელა პოტენციალი აქვს, ასევე მეცნიერებისთვის", _ განაცხადა გუჩა კვარაცხელიამ.