საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „რუსთავი2“-სა და „მაესტროს“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ხელისუფლება არაფერ შუაშია. როგორც ივანიშვილი აცხადებს, ეს არის დავა სუბიექტებს შორის და მასში ხელისუფლება არ ერევა.
„ეს არის ბრძოლა ორ სუბიექტს შორის, თუმცა ნაციონალური მოძრაობა და თვითონ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელი ყველანაირად ცდილობს დახატოს, რომ ეს არის მთავრობის დაკვეთა და მათ მთავრობა ებრძვის.
საერთოდ, დიდი აჟიოტაჟია, აწეული თუ ატეხილი ამ სასამართლოს ირგვლივ. რეალურად და პრაგმატულად თუ შევხედავთ, სასამართლოში ჩივის ქიბარ ხალვაში, დაობს საკუთრებას ყოფილი მფლობელი. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, „მაესტროშიც“ იგივე პროცესია. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა არაფერ შუაშია არცერთ შემთხვევაში. „მაესტროშიც“ დაობენ აქციონერები. არ არის კარგი როდესაც დაობენ, მაგრამ ცხოვრებაა ასეთი. აქ პროცესი მიდის, მაგრამ რა ხდება „რუსთავი 2“-ში, რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი? იქნებ მათ სასარგებლოდ წყდება ყველაფერი?! უკვე გაკეთდა ისეთი განცხადებები, რომელსაც ვერ ასაბუთებენ“, _ განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.