ჟურნალისტ ია ანთაძეს “გურია ნიუსი” კონტროლის პალატის საყოველთაო დაკითხვების დროს, ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის გამო დაუკავშირდა. ის პირველ რიგში მადლობას უხდის ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც არ შეშინდა და მთელ საქართველოს გააგებინა თუ რა ხდება რეგიონებში: _ ამ თემაზე ყველა კომენტარს ვიწყებ მადლობით ჩვენი კოლეგების მიმართ, რომლებიც რეგიონებში მუშაობენ. რომ არა თქვენი თავდადებული და ძალიან მამაცური შრომა, ჩვენ საერთოდ ვერ გავიგებდით, რა ხდება საქართველოში. ამიტომ მინდა გიორგი, შენ და ყევლას, ვინც რეგიონებში ამ თემაზე მუშაობს, მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ არ შეგეშინდათ, ყველა დაბრკოლება გადალახეთ და მაქსიმალურად ცდილობთ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ იმის შესახებ, რა ხდება თქვენს ქალაქში თუ სხვა ქალაქებში. _ თქვა ია ანთაძემ.
მისივე თქმით, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა, ეს არის დანაშაული, რომელსაც შესაბამისი სასჯელი უნდა მოყვებოდეს:
_ საქართველო დღეს რომ იყოს ისეთი ქვეყანა, სადაც შესაძლებელია, ადამიანები თავისი დანაშაულის შესაბამისად ისჯებოდეს, რა თქმა უნდა, დაუსჯელი არ დარჩებოდა ეს შემთხვევები, სადაც პირდაპირ დასტურდება, რომ ნამდვილად ხელის შეშლას აქვს ადგილი ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში. ვფიქრობ, რომ ყველაფერი არის მიზანმიმართულად გაკეთებული იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა სხვა დროს აღარ გამოიდონ თავი იმ შემთხვევაში, როცა შეიძლება თვითონაც აღმოჩნდნენ დაზარალებული, როგორც მაგალითად, ნატო გოგელია.
_ ქალბატონო ია, იქნებ თქვენი მოსაზრება გვითხრათ ამ საყოველთაო დაკითხვებზე.
_ 100 %-ით დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი არ ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც იბარებენ დაკითხვებზე, ეს პროცესი არსებობს იმისთვის, რომ შიში გაუჩინოს ყველა ადამიანს. ვინც კი გაიგებს, რომ აი, მისი მეზობელი ან ნაცნობი დაიბარეს 4 ან 5 საათის განმავლობაში, თან იქ იყო ჩხრეკა დაკითხვის წინ და ემუქრებოდნენ სასჯელით ანუ პრაქტიკულად ეს არის პროცესი, რომელიც თითქოს არის ამოფარებული რაღაც კანონის საფუძვლებს, სინამდვილეში კი მიზნად ისახავს ადამიანის დაშინებას. ეს ყველაფერი არის დღევანდელ ეტაპზე ძალიან ახალი და მოულოდნელი. ამიტომ მე, მგონია საზოგადოებამ უნდა მოძებნოს ძალები, რომ დაუპირისპირდეს ამ პროცესს. თუ საზოგადოებამ ვერ მოძებნა ძალა, რომ თავის თავში ამ პროცესს დაუპირისპირდეს, ეს პროცესი გაღრმავდება და იგივე შიში შეიძლება, ყველას გულში შევიდეს და ისევე სახელმწიფოს სახელით, გაცილებით მეტ ადამიანს მიაყენონ შეურაცხყოფა. კონტროლის პალატა ძალიან სერიოზულ ჩხრეკას აწარმოებს დაბარებული ადამიანებისას მანამ, სანამ მათ დაკითხვას დაიწყებენ. სწორედ იმიტომ, რომ მათ ეშინიათ მოქალაქემ არ ჩაიწეროს ის, რაც იქ ხდება. ერთია ის, რომ ადამიანი ყვება იმას, რას ეკითხებოდნენ ან ფეხზე გახდას როგორ სთხოვდნენ, მაგრამ მეორეა ვიზუალურად დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც არსებობს ვიდეო ჩანაწერის ან ფოტოს სახით. ამიტომ, რის გამოც ამ ადამიანებს ჩხრეკენ, ცხადია, ჟურნალისტებს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ გადაიღონ, მთელი პროცესი ხელისუფლებას უნდა დარჩეს დოკუმენტაციის გარეშე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის, რაც იქ ხდება, თვითონ იციან ძალიან კარგად, რომ არ არის კანონიერი, _ თქვა ია ანთაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს.