მმართველი გუნდის წევრმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ვაშაძის ხელისუფლების მიმართ არსებულ კრიტიკას ცინიზმსა და უტიფრობას უწოდებენ.
ეკა ბესელიამ ნაციონალური მოძრაობის წევრს გიორგი ვაშაძეს კურიერის პირდაპირ ეთერში უპასუხა. ვაშაძემ რუსთავი 2-ის საქმის გამო კურიერის პირდაპირ ეთერში მმართველი კოალიცია გააკრიტიკა და თქვა, რომ დღეს ხელისუფლება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდა.
„ცინიზმი, ცინიზმი და უტიფრობა. ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს ბედავენ და გველაპარაკებიან სიტყვის თავისუფლებაზე. მათ აღარ აქვთ მორალური უფლება ილაპარაკონ ასეთ თემებზე,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიამ გადაცემაში თამაზ ურთმნელიძის განაჩენზეც ისაუბრა და რუსთავი 2-ს სიტყვის თავისუფლების შენარჩუნების პირობა მისცა.
„დღეს გაქვთ ეს შანსი რომ დაიბრუნოთ სიტყვის თავისუფლება, თქვენ არასოდეს არ იყავით თავისუფალი, იმიტომ, რომ თქვენ მთელი წლების განმავლობაში ემსახურებოდით ერთ პოლიტიკურ გუნდს. თქვენ არასდროს გქონდათ თავისუფლების ის ხარისხი რომლის ღირსიც თქვენ იყავით მაგრამ თქვენ ახლა ეს გექნებათ.“ – განაცხადა ეკა ბესელიამ და განაცხადა, რომ დღეს რუსთავი 2-ის საქმეში ხელისუფლება არ ერევა.
ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ვინც არ გააკრიტიკა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული განჩინება. თუმცა არცერთი მათგანი არ დაუსახელებია. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მოსამართლის განჩინება არაფერ კავშირში არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან.