დღეს ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში, კონტროლის პალატის მიერ, მოქალაქეების დაკითხვის პროცესი გრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კვლავ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს აქვთ გადაკეტილი და იქ მისულ “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს ისევ არ გვაძლევენ შენობაში შესვლის საშუალებას. დილის 11 საათზე დასაკითხად დაბარებული გურიის “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ალეკო ჯოხაძე, გარეთ 1 საათზე გამოვიდა. “გურია ნიუსი” მას დაკითხვის პროცესის შესახებ ესაუბრა. პირი, რომელმაც იგი დაკითხა, მისივე თქმით, კონტროლის პალატის წარმომადგენელ კახა საჯაიად გაეცნო.
_ შევედი დერეფანში. იქ დაცვის პოლიციის 5-6 თანამშრომელი იდგა, რომლებმაც შემიყვანეს იმ ოთახში, სადაც უნდა მომხდარიყო ჩემი დაკითხვა. გამხადეს ტანსაცმელი, ორივე ფეხსაცმელი და გამჩხრიკეს, დამატოვებინეს ყველაფერი და ისე შემიყვანეს აღნიშნულ პიროვნებასთან.
_ ბატონო ალეკო, რა კითხვებს გისვამდათ კონტროლის პალატის წარმომადგენელი?
_ მეკითხებოდა, თანხები თუ აიღე, გაზეთებს რომ არიგებდიო, ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ხელმოწერებს რომ აგროვებდი, ფული აიღეო? ოჯახის მდგომარეობა გამომკითხა, რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახსო.
_ თქვენ რას პასუხობდით?
_ მხოლოდ სიმართლეს.
_ ზეწოლა თუ იყო ან მუქარა?
_ზეწოლა არ იყო. მუქარას რაც შეეხება, მითხრა ერთი რამ, რომ თუ სიმართლეს არ ამბობ, მაშინ შესაბამისად, რაღაც პრობლემები შეგექმნებაო.
_ ანუ, შესაძლებელია, რომ სხვა უწყებამ დაგიბაროთ?
_ დიახ, რა თქმა უნდა. გადავამოწმებთ და თქვენს მიერ ნათქვამი ჩვენება თუ ტყუილი და არასწორი აღმოჩნდება, შეიძლება, საქმე სხვანაირად წაგივიდეთ, სხვა უწყება დაგიბარებთ და პრობლემები შეგექმნებათო.
_ შეგეშინდათ?
_ არა.
_ ამის შემდეგ, გააგრძელებთ თუ არა კვლავ საქმიანობას პარტიაში?
_ კი, რა თქმა უნდა.