11 ოქტომბერს ლანჩხუთში მომხდარი სტიქიისას დაზარალებული პირველი ჯგუფის ინვალიდი ვასილ გოგუაძე, რომელიც 92 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების იმედადაა.
მოულოდნელად მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა გოგუაძის სახლი სახურავის გარეშე დატოვა და შიგნით ისევე წვიმს, როგორც გარეთ. სახლის მეორე სართული და ავეჯი მთლიანად დაზიანებულია.
მწოლიარე ავადმყოფსა და 92 წლის მოხუცს მთელი ღამის განმავლობაში დახმარებას მეზობლები უწევდნენ.
"უცებ გრიგალი ამოვარდა, ისეთი ხმაური იყო, გვეგონა, სახლს მეორე სართული საერთოდ მოხსნა. გარეთ რომ გავიდნენ, ნახეს, სახლის ნახევარს სახურავი მთლიანად ჰქონდა გადახდილი და, დაახლოებით, 50 მეტრში ეგდო. მერე ძლიერი წვიმაც წამოვიდა, წყალში ცურავდა ყველაფერი. როგორც გარეთ, ისე წვიმდა მთელ სახლში. ღამე მეზობლები იყვნენ და შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ. სახურავზე "ბრეზენტიც" გადააფარეს, მაგრამ არ შველის, გაწვიმებისას წყალი ჩამოდის. როგორც მითხრეს, მეორე სართული მთლიანად განადგურებულია. რა ვქნათ, ვართ ასე ღვთის ანაბარა და თუ ვინმე დაგვეხმარება ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან, კარგი იქნება", _ ამბობს დაზარალებული ვასილ გოგუაძე.
ადგილობრივ ხელისუფლებამდე ამბის მიტანას გვთხოვენ გოგუაძის მეზობლებიც, რომლებიც ყურადღების გარეშე არ ტოვებენ ოჯახს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების გამგის, მაკა სულაბერიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულ პიროვნებას მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთჯერადი სოციალური პროგრამით, მიმდინარე წლის მაისში 250 ლარით დაეხმარა, ამ ეტაპზე კი მუშავდება თითოეული სოფლიდან შემოსული ინფორმაცია და ყველა ის ოჯახი, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალდა, დახმარების გარეშე არ დარჩება.