საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების შემდეგ განხორციელებული რეიდების შედეგად, პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბერნარდ კაზენუევის ინფორმაციით, 23 ეჭვმიტანილი დააკავეს, ხოლო ათეულობით, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლს იარაღი ჩამოართვეს. 100-ზე მეტი ეჭვმიტანილი კი, შიდა პატიმრობაში იმყოფება.
როგორც ცნობილია, ჩამორთმეულ იარაღებს შორის კალაშნიკოვის და სარაკეტო ტიპის იარაღებია.
მაუწყებლის ცნობით, პოლიციამ დაასახელა ძირითადი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდელსამი, რომელიც ბრიუსელშია დაბადებული.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის პროკურატურამ კიდევ ორი თავდამსხმელი აჰმად ალ მოჰამედი და სემი ამიმოური დაასახელა.
მაუწყებლის ცნობით, აჰმად ალ მოჰამედის პასპორტი ნაპოვნია და მისი თითის ანაბეჭდები ემთხვევა საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ნაპოვნ ანაბეჭდებს, თუმცა მისი იდენტობა მაინც დასაზუსტებელია.
რაც შეეხება მეორე თავდამსხმელს, სემი ამიმოურს, მის წინააღმდეგ საერთაშორისო დაპატიმრების ორდერი მას შემდეგ გაიცა, რაც 2013 წლის შემოდგომაზე გირაოს პირობები დაარღვია. ის იემენში გეგმავდა წასვლას.
აღსანიშნავია, რომ დილით დაკავებულ ადამიანებს შორის სამი ამიმოურის ნათესავია.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში მოხდარი ტერაქტის შედეგად ბარებში, რესტორნებში, საკონცერტო დარბაზსა და პარიზის მოედანზე 129 ადამიანი დაიღუპა.