ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შეშვებაზე უარი განუცხადა და უთხრა, რომ ის არაკომპეტენტურია და განმარტებას ვერ გააკეთებს, თუ რატომ არ შეუშვეს ჟურნალისტები შენობაში, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულო, გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, საოლქო საარჩევნო კომისია და განათლების რესურსცენტრია განთავსებული.
როგორც “გურია ნიუსს” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა, თამაზ ტრაპაიძემ უთხრა, თუ რომელიმე ადმინისტრაციულ შენობაში შესვლასთან დაკავშირებით სპეციალური ნებართვაა საჭირო, უნდა არსებობდეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი: _ ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება, წინასწარ იცოდეს იგი, რადგან რეგულაცია ქცევის ზოგად წესს ეხება და იგი ნორმატიული ხასიათისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირღვევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, _ გვითხრა ტრაპაიძემ.
_ ბატონო თამაზ, ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა კოდექსის დარღვევისთვის?
_ რა თქმა უნდა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. მას უნდა მიეღო სათანადო წესით ადმინისტრაციულ შენობაში პირთა შესვლის შეზღუდვის შესახებ აქტი.
_ ითვლება თუ არა ეს ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლად?
_ თუ მართლაც არსებობს ადმინისტრაციული აქტი და ყველა პირზე ვრცელდება, იმ შემთხვევაში არა, მაგრამ თუ სხვა პირებისგან განსხვავებით, კონკრეტულად, როგორც ჟურნალისტს, ეზღუდება უფლება, ეს შეიძლება, აღვიქვათ ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლად, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, _ გვითხრა ტრაპაიძემ და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს დაკითხვაზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ჟურნალისტსაც. რა თქმა უნდა, თუ ეს დასაკითხი პირის სურვილი იქნება.