დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი თანამდებობის პირების ხელფასებზე და დანამატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. პრემიერის განცხადებით, მინისტრების და მათი მოადგილეების ხელფასები არ გაზრდილა, ხოლო პრემიები საერთოდ გაუქმდა.
"წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული პრაქტიკა, როცა თანამშრომელს ეძლეოდა ხელფასის სახით გარკვეული თანხა, შემდეგ ემატებოდა პრემია და შემდეგ დანამატი. ჩვენ პრემიის კომპონენტი დავარეგულირეთ, რომ ქაოტურად არ ხდებოდეს მისი გაცემა და ხდება ხელფასზე დანამატის გაცემა.
ეს არის საშუალოდ 300-400 ლარის დანამატი, რაც მოდის ძირითადად საშუალო და ქვედა რგოლზე, ან დეპარტამენტის უფროსებზე. ვინაიდან ჯერ კიდევ არ არის საჯარო სამსახურის რეფორმა დამთავრებული, რომელიც ითვალისწინებს სახელფასო სისტემის მოწესრიგებას, ისევ ცუდი პრაქტიკით გრძელდება დღემდე ხელფასების გაცემა, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2017 წლისთვის მთელი ეს სახელფასო სისტემა იქნება მოწესრიგებული და ხელფასს დაერქმევა ხელფასი, დანამატს დანამატი და აღარ მოხდება ასე ქაოტურად გაცემა დანამატების და პრემიების", – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განმარტებით, მომავალ წელს მთავრობა მხოლოდ ჯარისკაცების, პოლიციელების, მასწავლებლებისა და ექიმების ხელფასების გაზრდას გეგმავს.
"ჯარისკაცების ხელფასები გაზრდილია 113 მილიონი ლარით, პოლიციელების 106 მილიონი ლარით. ასევე გაზრდილია მასწავლებლების და ექიმების ხელფასები… ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გაიზარდა თავისთვის ხელფასები, არის სრული სიცრუე. მე მგონი, უნდა ეყოთ ნამუსი, რომ ამ თემით სპეკულაცია დაასრულონ. მოსახლეობა შეყავთ მიზანმიმართულად შეცდომაში", – განაცხადა ღარიბაშვილმა და ჟურნალისტებს მოუწოდა ხელფასებისა და დანამატების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვონ სამინისტროებიდან და გადამოწმებული სახით მიაწოდონ მოსახლეობას.