ახალგაზრდა დიზაინერმა, თინათინ კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში ახლახან გამართულ Howroom-ში.
თინათინი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის მკვიდრია. ნიკო მარის სახელობის #1 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტზე განაგრძო. წარმატებული სტუდენტი მონაწილეობდა თბილისში გამართულ მრავალ ჩვენებასა თუ კონკურსში, მათ შორის იყო "BENEXT". სწორედ, "BENEXT"-ში გამარჯვებამ მოუტანა თინათინს უფლება, გამგზავრებულიყო პარიზში.
_ ხშირად ვმონაწილეობ კონკურსებსა და ჩვენებებში. ბოლოს მონაწილეობა მივიღე "BENEXT"-ში, რომლის ხელმძღვანელი საქართველოში გახლავთ სოფო ჭყონია. გავხდი ამ კონკურსის გამარჯვებული და მოვიპოვე უფლება, მონაწილეობა მიმეღო პარიზში გამართულ Howroom-ში, სადაც გაიმართა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდა თუ პროფესიონალი დიზაინერების ჩვენებები, მათ შორის ვიყავი მეც. წაღებული მქონდა ზაფხულის კოლექცია _ შევმოსე ხუთი მოდელი, რომელთაც სამი პრეზენტაცია ჰქონდათ.
თინათინი ამბობს, რომ პარიზში გატარებულმა დღეებმა დიდი გამოცდილება შესძინა.
_ საინტერესო იყო საფრანგეთში გატარებული თითოეული დღე. დავესწარი მაღალი მოდის დამფუძნებლების: არმანის, დოლჩე და გაბანას, ვიქტორია სეკრეტის და სხვათა ჩვენებებს. იმ ექვსი დღის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე პროფესიული თუ ეთიკური თვალსაზრისით, _ გვითხრა თინათინმა, რომელიც ამჟამად ახალ კოლექციაზე მუშაობს.