საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2013-2013 წლებში, საზღვარგარეთ მივლინებებში 1 981 100 ლარი დახარჯა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც შსს-ს შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, 2013 წლის განმავლობაში სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ ქვეყნის გარეთ მივლინებებზე გაწეულია 964 400 ლარის საკასო ხარჯი, ხოლო 2014 წლის განმავლობაში – 1 016 700 ლარის საკასო ხარჯი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუდიტის პერიოდში ქვეყნის გარეთ მივლინებებში გამგზავრება წარმოებდა სხვადასხვა შესაბამისი უფლებამოსილი პირების ბრძანებების საფუძველზე, რომლებშიც სხვა აუცილებელ მონაცემებთან ერთად მიეთითებოდა სამივლინებო თანხების ანაზღაურების პირობები – კერძოდ, მგზავრობის, სასტუმროს, დღიური სარგოს და სხვა დამატებითი ხარჯების ანაზღაურების პირობები გამომდინარე იქიდან, თუ რას ანაზღაურებდა მიმწვევი მხარე.
"აღსანიშნავია, რომ ქვეყნის გარეთ მივლინებებთან დაკავშირებული მიწვევები ცენტრალურ საბუღალტრო სამმართველოს არ ეგზავნებოდა. სამმართველო ეყრდნობოდა ბრძანებებში მითითებულ პირობებს, რის შესაბამისადაც ახდენდა თანხების ანაზღაურებას. პასუხისმგებელი პირების სიტყვიერი განმარტებით მიწვევები ეგზავნებათ უშუალოდ მიწვეულ პირებს და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებს, რომელთა მოხსენებითი ბარათების საფუძველზეც სამინისტრო გამოსცემს ბრძანებებს. დანაყოფები ძირითადად ცენტრალურ საბუღალტრო სამმართველოსგან ტერიტორიულად განსხვავებულ ადგილებზე იმყოფებიან.
აღნიშნული პრინციპით ქვეყნის გარეთ მივლინებების ორგანიზება წარმოადგენს შიდა კონტროლის სისუსტეს. მიწვევებში დაფიქსირებული პირობების კონტროლის გარეშე ცენტრალური საბუღალტრო სამმართველოს მიერ ვერ ხორციელდებოდა სამივლინებო თანხების გაანგარიშების სისწორის გადამოწმება და შესაბამისად კონტროლი ფულადი სახსრების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე (რაც კანონმდებლობის შესაბამისა ბუღალტერიის უშუალო ფუნქციას წარმოადგენდა).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე აუდიტის ჯგუფისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი ქვეყნის გარეთ მივლინებების მიწვევები. სამივლინებო თანხები ანაზღაურებულია ბრძანებებში მითითებული პირობების შესაბამისად. ვერ მოხერხდა ბრძანებებში მითითებული პირობების შედარება მიწვევებში დაფიქსირებულ პირობებთან. ადგილი ჰქონდა აუდიტის მასშტაბის შეზღუდვას", _ აღნიშნულია ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა მაღალი ხარისხის შიდა კონტროლის გარემოს შექმნის მიზნით ბრძანებების გამოცემამდე სტრუქტურული დანაყოფების მიერ განხორციელდეს მივლინებებთან დაკავშირებით მიღებული მიწვევების გადაცემა ცენტრალურ საბუღალტრო სამმართველოსთვის (თანხების გაანგარიშების სისწორის კონტროლის და ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტებზე მტკიცებულების სახით დართვის მიზნით).