თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნავდა, რომ პეკინის გამზირზე, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის ეზოში ახალი მრავალსართულიანი კორპუსი აღარ აშენდება. აღნიშნულ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ელისაშვილმა ამ ბრძოლას მოსახლეობის სასარგებლოდ მოგებულ უწოდა.
"ერთი ძალიან მაგარი ამბავი ამ ქალაქის გულშემატკივრებისთვის – დღეს, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მხარი ერთხმად დავუჭირეთ სახელგატეხილი კომპანია "ელზუროსათვის" სანაცვლო ტერიტორიის გადაცემას (ორთაჭალაში) რითაც პეკინის 23ა-ში საბავშვი ბაღის დანგრევის და სკვერის გაჩეხვის ეპოპეა დასრულდა !!! პეკინელების 5 თვიანი შეუპოვარი ბრძოლა ბაღისა და სკვერისათვის წარმატებით დაგვირგვინდა !!! შეგახსენებთ რომ ორი თვის მანძილზე პეკინელებს ბაღის დასანგრევად შეყვანილი სამშებენლო ტექნიკის წინააღმდეგ 24 საათიანი მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული და საბოლოოდ ტექნიკაც გავაყვანინეთ, ბაღი და სკვერი გადავარჩინეთ და კიდევ ერთი მახინჯი კორპუსის აშენების გეგმა ჩავშალეთ. აი, ასე – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, შეუპოვრობა და ქალაქის სიყვარული სულ იმარჯვებს, თუკი ხალხს სჯერა საკუთარი თავის. ქალაქი ვართ ჩვენ! ამ ქალაქს ჩვენ უნდა მივხედოთ ! ვულოცავ გამაოგნებლად შეუდრეკელ პეკინელებს და ვულოცავ თბილისის ყველა გულშემატკივარს. ესეც ასე !!- წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს თბილისის მერიამ განცახდება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი კორპუსი გამსახურდიას გამზირზე აღარ აშენდება. ამ ტერიტორიის სანაცვლოდ, მერიამ სამშენებლო კომპანიას ორჯერ უფრო დიდი მიწის ნაკვეთი შეთავაზა ორთაჭალაში.
"თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გამსახურდიას გამზ. N23ა-ში საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ მოსახლეობას დღეს თბილისის მერის მოადგილემ ლაშა აბაშიძემ აცნობა.
"ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და ასევე, კერძო კომპანიის ინტერესების გადაწყვეტილებით, რომ აღნიშნულ ადგილას არ აშენდება საცხოვრებელი კორპუსი და ნაცვლად კორპუსისა, აქ იქნება მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღი", – განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო და შპს "ელზუროს" საკუთრებაში გადაეცემა ქ. თბილისში, გორგასლის ქ. N63-ში მდებარე 7 793 კვმ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, გამსახურდიას გამზ. N23ა-ში მდებარე 3 461 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ. გორგასლის ქ.N63-ში მდებარე 7 793 კვმ. მიწის ნაკვეთი თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტრომ გადმოსცა."-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.