ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, რომელიც 2015 წლის 16 ნოემბერს გაიმართა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ისაუბრეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, გია მამაკაიშვილის ინფორმაციით, 2016 წლის კონსოლიდირებული ბიუჯეტის პროექტი განისაზღვრა 8 338 000 ლარით. აქედან, 7 007 600 ლარი შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს, ხოლო 1 330 400 ლარი ადგილობრივი შემოსულობებით განსაზღვრული თანხებია.
2016 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტებია: სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების პროგრამების გახორციელება; კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ახალგაზრდული პროექტების გახორციელება; თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა.
_ ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პირვანდელი ვარიანტი წარედგინა საკრებულოს ბიუროს და დამუშავების პროცესშია.
ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად ბიუროს სხდომები გადაიცემა ონლაინ რეჟიმში, _ თქვა გია მამაკაიშვილმა.
"მეტი გამჭვირვალობისა და საჯაროობისთვის, საკრებულო პროექტის საჯარო განხილვებს რიგგარეშე სხდომის შემდეგ დაიწყებს. მას შემდეგ, რაც პროექტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება, თითოეულ მოქალაქეს, არასამთავრობო ორგანიზაციას და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა საშუალება, საკუთარი მოსაზრებები დააფიქსიროს პროექტის ირგვლივ. კომისიებისა და ფრაქციებისგან კი ველოდებით კონკრეტულ წინადადებებს", _ აღნიშნა ბიუროს სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კვერღელიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს, თანდართულ მასალებთან ერთად, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის გამგებელი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს. საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს საჯარო განხილვისთვის. საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.
შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის გამგებელს. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა, მუნიციპალიტეტის გამგებელი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით.