გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინფორმაციით, 2015 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სსიპ-ების გარეშე, 2014 წლის პირველი 9 თვის მონაცემებთან შედარებით, კულტურის სამინისტროში დანამატების რაოდენობა 604%-ით, ხოლო სსიპ-ების ჩათვლით 1509%-ით არის გაზრდილი.
როგორც თორდიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მის მიერ სახელმწიფო უწყებებში გაცემულ დანამატებზე გაკეთებულ განცხადებებს მინისტრისგან სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა, მათ შორის კულტურის მინისტრისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არის არაადეკვატური დასკვნა და ის 2015 წელს კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში დამატებულ სიპებზე აპელირებდა.
გენერალური აუდიტორის თქმით, კულტურის სამინისტროში სხვა უწყებებთან შედარებით დანამატების ყველაზე დიდი რაოდენობაა გაცემული.
"განცხადება მინდა გავაკეთო ცალკეული მინისტრების გამოხმაურებებზე პრემიების და დანამატების საკითხთან მიმართებაში. განსაკუთრებით მინდა შევეხო კულტურის მინისტრის განცხადებას, თითქოს ჩვენ გავაკეთეთ არაადეკვატური დასკვნა დანამატებთან დაკავშირებით. პრემიების საკითხი, რომელიც ასე თუ ისე დარეგულირდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მან არ გამოიწვია შესაბამისი შედეგი. ჩვენ არ ვსაუბრობთ ხელფასების ზრდაზე და არ ვეწინააღმდეგებით პოლიციელებისთვის, ექიმებისთვის, ჯარისკაცებისთვის შრომის ანაზღაურების ზრდას. ჩვენი შეფასება მიმართულია დანამატებით პრემიების ჩანაცვლებაზე. ჩვენი დასკვნები ემყარება ხაზინის სამსახურის მიერ მოწოდებულ ციფრებს. კულტურის სამინისტროში დამანატები გაზრდილია 1509%-ით. კულტურის სამინისტროს დაემატა სსიპ-ები და მათი თანხების აკუმულირება მოხდა მთლიანად სამინისტროს ბიუჯეტში, თუმცა ამ სსიპების გამოკლებით 2015 წლის პირველი 9 თვეს 2014 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით 604%-ით არის გაზრდილი დანამატების რაოდენობა", _ განაცხადა თორდიამ და დასძინა, რომ პრემიები შემცირებულია, თუმცა დანამატები გაიზარდა.
" საქართველოს მთავრობის იყო სულისკვეთება, რომ შემცირებულიყო პრემიების რაოდენობა, თუმცა თანხობრივ გამოხატულებაში აუდიტის სამსახური ხედავს, რომ შემცირდა პრემიები, მაგრამ გაიზარდა დანამატები. შესაბამისად, შემდეგი სურათია, რომ 31 მილიონი ლარით შემცირდა პრემიები, ხოლო 45 მილიონით გაიზარდა დანამატების რაოდენობა", _ განაცხადა თორდიამ.