ვიცეპრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მასსა და პრემიერს შორის გაზპრომთან დაკავშირებით დაპირისპირება არ ყოფილა:
_ არანაირი დაპირისპირება გაზპრომთან დაკავშირებით ჩემსა და პრემიერს შორის არ ყოფილა. გაზპრომთან ურთიერთობები წლების წინ იყო, დღესაც არის და დარწმუნებული ვარ მომავალშიც გაგრძელდება. გარკვეულ ძალებს სურდათ საზოგადოება დაერწმუნებინათ, თითქოს ჩვენ ვაპირებდით აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებას რუსული გაზით. ეს ხომ წარმოუდგენელია?! საიდან მოიტანეს?! მიზანმიმართულად ხორციელდებოდა ამ სიცრუის გავრცელება. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. დიდი ხნის განმავლობაში კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, კარგი თანამშრომლობა გვაქვს, _ აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, იმ მილსადენით, რომელიც რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთის მიმართულებით მიდის, "ვიღებთ გატარებული მოცულობის 10 პროცენტს სრულიად უსასყიდლოდ".
_ თუმცა, ამ მოცულობის ზევიდან, გვიწევდა დამატებითი მოცულობის შესყიდვა. ეს არის კომერციული გაზი. ყოველ წელს ვყიდულობდით და თუ ამის საჭიროება იქნება ჩვენ აუცილებლად ვისარგებლებთ შემთხვევით, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია _ უნდა იყოს კონკურენტიანი ფასები იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ბუნებრივი აირის შემოტანა. ეს ყველაფერი, მოლაპარაკებები, რომელიც დაწყებულია ყოველწიურად ხდებოდა, რადგან ხელშეკრულება, რომელსაც ვაფორმებთ ამ ათი პროცენტის მიღებისას, ერთწლიანია. შესაბამისად, ყოველ წელს გვიწევს ამ ხელშეკრულებების განახლება. ამაზე შეხვედრები, საუბრები. დეკემბრამდე გვაქვს დრო. ალბათ, კიდევ იქნება შეხვედრა, რომელიც ყველასთვის ღია და გამჭირვალე იქნება.
_ გაზის ტარიფის შემცირება თქვენი წინასაარჩევნო დაპირება და ვიცით რა მდგომარეობაცაა. რის საფუძველზე პირდებოდით ადამიანებს ტარიფების დაწევას? ბიძინა ივანიშვილმა „გურია ნიუსის“ კითხვაზე რატომ “ვერ იგრძნო ყველამ „ოცნების“ მესამე წელი ჯიბეზე“, აღნიშნა, რომ ეს მისი მხრიდან წამოცდენა იყო. თქვენც ხომ არ ფიქრობთ, რომ ტარიფების შემცირების დაპირება წამოცდენა იყო?
_ ჩვენ შევძელით 4 თეთრი დაგვეკლო ელექტროენერგიაზე, ხუთი თეთრი ბუნებრივ აირზე. ეს ორწელიწადნახევარი გრძელდებოდა ფაქტიურად. თუმცა, იმის შემდეგ, რაც მოხდა ტარიფის კორექტირება, გვაქვს განსხვავებული რეალობა, რაც გამოწვეულია დოლარის გამყარებით. იმაზე საუბარი და აპელირება, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ტარიფების შემცირება არასწორია. ჩვენ შევძელით, ეს მოვახერხეთ, გავაკეთეთ, თუმცა, იმის შემდეგ, როდესაც რეალობა შეიცვალა, იმისთვის რომ ენერგეტიკის დარგი არ დანგრეულიყო, ისევ წინ წავსულიყავით, ობიექტები პროექტები არ შეჩერებულიყო და გაგვეუმჯობესებინა ინფრასტრუქტურა მოვახდინეთ ტარიფის კორექტირება.
_ თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ყველა დაპირება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გასცა, შესრულდა, შესრულების პროცესშია ან აუცილებლად შესრულდება. შეგიძლიათ შესრულებული დაპირებები ჩამოგვითვალოთ?
_შეგვიძია ყველა ის დაპირება, რომელიც იყო გაცემული წინასაარჩევნოდ სათითაოდ გავიაროთ. შეიძლება ვისაუბროთ იმ დაპირებებზე რომლებიც ვერ შესრულდა.
_ მაგალითად ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი…
_ ბოლო სამი წლის განმავლობაში კერძო სექტორში დაახლოებით 90000 სამუშაო ადგილია შექმნილი. თუმცა, მესმის რომ ეს ძალიან ცოტაა იმ პრობლემასთან შედარებით, რა პრობლემაც დღეს დგას. სამუშაო ადგილები განპირობებულია იქიდან, რომ ახალი საწარმოები შეიქმნა. ძველი, ძალიან ბევრი საწარმოს გადაიარაღება ,განახლება მოხდა. მილიარდზე მეტია ამ მიმართულებით დახარჯული. გაცემულია იაფი კრედიტები და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეკონომიკის გაჯანსაღებას. მიუხედავად იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, რაც მეზობელ ქვეყნებში არსებობს, მიუხედავად კრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა. შეიძლება არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდოდეს, მაგრამ რეგიონში ვართ ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა.
_ სტატისტიკის ციფრებს ენდობით და უმუშევრობის გამოქვეყნებული მონაცემები თქვენთვის სანდოა?
_ რაც გამოქვეყნდა, იმის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით შემცირებულია უმუშევრობა.
_ ყოფილ პრემიერს არ სჯერა ამ ციფრების და ამბობს, რომ უმუშევართა რიცხვი გაცილებით მეტია… თქვენ როგორ გგონიათ?
_ აბსულუტურად ვეთანხმები იმაში საზოგადოებას, რომ ყველაზე დიდი პრობლემა რაც ქვეყანაშია დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილებია. თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ხელისუფლება ძალიან ბევრს მუშაობს, ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ზუსტად იმიტომ არის ის რეგულაციები, ახალი რეფორმები, რომ ბიზნესი გავაჯანსაღოთ. იმიტომ არის ისეთი პროექტები დაწყებული, როგორიც არის აწარმოე საქართველოში, რომ ჩვენ არ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე და შევძლოთ ადგილობრივი პროდუქციით ჩავანაცვლოთ შემოტანილი. სამუშაო ადგილების შექმნა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან და განვითარებასთან, _ აღნიშნავს კახი კალაძე.
კახი კალაძესთან ჩაწერილ სრულ ინტერვიუს, სადაც ვიცეპრემიერი არასამთავრობო ორგანიზაციებზე, დახურულ თოქშოუებზე, "რუსთავი 2"-ზე, გაზიფიცირებაზე გამრიცხველიანებაზე და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს "გურია ნიუსი" ორშაბათს შემოგთავაზებთ.