ვიცეპრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ "წახალისება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ თანამშრომელს სჭირდება". ვიცეპრემიერის განმარტებით, დანამატების გაცემა რეგულაციებით ხდება:
_ ბატონო კახი, დღეს ძალიან აქტუალურია თემა პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებით. აუდიტის სამსახურის უფროსმა განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ პრემიები დანამატებმა ჩაანაცვლა. მილიონობით გაცემულ ლარზეა საუბარი. თქვენ იღებთ დანამატს?
_ მე თავს ვიკავებ ყოველთვის მაგ თემაზე საუბრისგან. მეუხერხულება იმაზე საუბარი, რომ არ ვიღებ ხელფასს.
_ როგორც ვიცით, საქველმოქმედო ფონდში რიცხავთ…
_ კი, ძირითადად, ასეა. ზოგადად, რაც შეეხება პრემიას და დანამატს, ეს ყველაფერი დარეგულირებულია გარკვეული რეგულაციებით. რადგან ამ მიმართულებით ქაოსი იყო. პრემიებს გასცემდნენ, როგორც უნდოდათ და როცა უნდოდათ. ეს კატეგორიულად მიუღებელი იყო. თუმცა, მე მოვისმინე განცხადებები, რომ დაახლოებით 30 მილიონით არის პრემიერი შემცირებული.
_ კი და პრემიები ჩანაცვლებულია დანამატებით…
_ დანამატებს რაც შეეხება, წახალისება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ თანამშრომელს სჭირდება. თუმცა, ეს ყველაფერი იმ რეგულაციების გათვალისწინებით ხდება, რომელიც მიღებულია და მთავარია, მას არ გასცდე და ამას ჰქონდეს შესაბამისი ფორმა, ზომა და ზონა.
_ და ამ ფონზე ზოგიერთმა საჯარო მოხელემ, მაგალითად, მინდია ჯანელიძემ, ისიც კი არ იცის რამდენი აქვს ხელფასი და დანამატი. ეს სწორად მიგაჩნიათ?
_ სიმართლე გითხრათ, არც მე არ ვიცი ზუსტად, რამდენია ჩემი ხელფასი. მინდია ჯანელიძესთან დაკავშირებით გამიჭირდება პასუხის გაცემა.
_ საჯარო მოხელემ არ უნდა იცოდეს რამდენი აქვს სახელფასო ანაზღაურება?
_ შეიძლება უნდა იცოდეს, შეიძლება _ არა. მე, მაგალითად, არ ვიცი.
კახი კალაძესთან ჩაწერილ სრულ ინტერვიუს, სადაც ვიცეპრემიერი არასამთავრობო ორგანიზაციებზე, დახურულ თოქშოუებზე, "რუსთავი 2"-ზე, გაზიფიცირებაზე გამრიცხველიანებაზე და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს "გურია ნიუსი" ორშაბათს შემოგთავაზებთ.