სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის შედეგების განხილვას დაესწრო. პროექტი -"პატიმარ, პრობაციონერ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა კანონმორჩილი ცხოვრებისთვის"- ასოციაცია "ქალი და ბიზნესის" მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა. პროექტის ფარგლებში 25 მსჯავრდებული ქალბატონი და 52 ყოფილი მსჯავრდებული დასაქმდა.
სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში, რომლებიც ბაზარზე მაღალი მოთხოვნით სარგებლობს სულ 1500 მსჯავრდებული, პრობაციონერი და ყოფილი მსჯავრდებული ქალი იყო ჩართული, რაც მათ პროფესიული უნარების შეძენაში დაეხმარათ.
"ჩვენი მიზანია მჯავრდებულებს შევუქმნათ მეტი შესაძლებლობა, რომ ის დრო, რომელსაც დაწესებულებაში ატარებენ პოზიტიური, კარგი აქტივობებისთვის გამოიყენონ, რომელიც საკუთარ თავში რწმენას და ახალშეძენილი უნარებით შემოსავალს მისცემს. პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება მათ შესაძლებლობას მისცემს განთავისუფლების შემდეგ დასაქმდნენ და სტაბილური ცხოვრება ჰქონდეთ," – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ.
რუსთავის მეხუთე ქალთა დაწესებულების დირექტორის ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, ასოციაცია "ქალი და ბიზნესი" ქალთა დაწესებულებაში რამდენიმე წელია პროექტებს ახორციელებს. ქალ მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ აითვისონ სტილისტის, კოსმეტოლოგის, ჭრა-კერვის, ქარგვის, თექაზე მუშაობის ხელობები, რაც სამომავლოდ მათ დასაქმებას გარანტირებულს გახდის.
"დაწესებულებაში ყოფნის თითოეული დღე არის მზადება იმისთვის, რომ მსჯავრდებული ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, დაეუფლოს სხვადასხვა სპეციალობებს და თავის თავში დაინახოს ის შესაძლებლობები, რომელსაც ვერ პოულობდა თავისუფლებაზე ყოფნის დროს. "ქალი და ბიზნესი" უკვე წლებია ქალთა დაწესებულებაში პროექტებს ახორციელებს და ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობა კვლავ გავაგრძელოთ. მსჯავრდებული ქალბატონებისთვის მსგავს პროექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სასწავლო კურსების გავლის შემდეგ მათ ეძლევათ სერტიფიკატები და უკვე თავისუფლებაზე ყოფნისას, შესწავლილ ხელობებს როგორც სპეციალობას, ისე იყენებენ," – აღნიშნა ნესტან ვერულაშვილმა.
ასოციაცია "ქალი და ბიზნესის" პრეზიდენტის ნინო ელიზბარაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში 52 მცირე ბიზნესის ინიციატივა დაფინანსდა. გარდა ამისა, ბიზნეს- ტრენინგები, რომელიც დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს უტარდებათ, მათი განთავისუფლების შემდეგაც გრძელდება.
"ბევრი ყოფილი მსჯავრდებული მოდის ჩვენთან იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო აიმაღლოს ბიზნეს-განათლების დონე, სწავლობენ, როგორ შეიმუშავონ ბიზნეს-გეგმა. პროექტის ფარგლებში ყოფილ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. 52 მცირე გრანტი გავეცით, რომლის ფარგლებშიც ყოფილმა მსჯავრდებულებმა არა მხოლოდ ხელოვნების მომსახურების ტიპის ბიზნესი წამოიწყეს, არამედ აქტიურობენ სოფლის მეურნეობის კუთხითაც. შეიქმნა მეფრინველეობის ფერმა, თაფლის საამქრო, მეღორეობის ფერმა, ჩირის გადამამუშავებელი საწარმო,"-განაცხადა ნინო ელიზბარაშვილმა.
ღონისძიების დასასრულს მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გამოფენაზე პროექტის ფარგლებში გამარჯვებული ბიზნეს-გეგმების საფუძველზე წარმოებული სხვადასხვა პროდუქცია იყო წარმოდგენილი.
(R)