კამპანიის – “ეს შენ გეხება” მონაწილეები დადებითად ვაფასებთ არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის რიგ საკითხებზე მიღწეული შეთანხმების ფაქტს და პარლამენტის მზაობას, გაითვალისწინოს სამოქალაქო სექტორის წინადადებები საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით. მიღწეული შეთანხმების თანახმად:
• კანონში აღარ იარსებებს პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირთა ცნება;
• პოლიტიკური სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვის გამო, კონტროლის პალატას აღარ ექნება უფლება პირს დაუწესოს შეზღუდვები;
• დავიწროვდება და მკაფიოდ განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებზეც პოლიტიკურ პარტიასათვის დაწესებული შეზღუდვები გავრცელდება;
• პირს არ შეეზღუდება სამეწარმეო საქმიანობა, თუ ის უშუალოდ არ უკავშირდება საარჩევნო მიზნებს;
• კონტროლის პალატას აღარ ექნება ქონებაზე ყადაღის ერთპიროვნულად დადების უფლება. ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ სადავო თანხას/ქონებას და ისიც მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით;
• შემცირდება სანქციებისა და ჯარიმების ოდენობა;
• “პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ” კანონის დარღვევისთვის აღარ გაუქმდება პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაცია.
კამპანიის – “ეს შენ გეხება” მონაწილეები აღნიშნულ შეთანხმებას განიხილავენ, როგორც არასამთავრობო სექტორის, მედიის და მოქალაქეთა ერთიანი ძალისხმევისა და საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის დაწყებული კამპანიის პირველ წარმატებას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მიღწეული შეთანხმება სრულად იქნება ასახული პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში; ამასთანავე, გაგრძელდება თანამშრომლობა და სამოქალაქო აქტიურობა საარჩევნო გარემოს გაუმჯებესებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად.
არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა 13 თებერვალს წამოიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, 170-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, აგრეთვე, 1500-მდე ფიზიკურმა პირმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც, საკანონმდებლო წინადადების პაკეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგინეს. 23 თებერვალს კამპანიის ორგანიზატორებმა თბილისსა და საქართველოს რვა ქალაქში გამართეს საინფორმაციო შეხვედრები, რომელზეც მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია კანონით დაწესებული შეზღუდვების თაობაზე. 1 მარტს გაიმართა საკანონმდებლო წინადადებათა ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა. 2 მარტს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საკუთარი წინადადებები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს. 5 მარტის ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრაძემ გააკეთა განცხადება კანონმდებლობაში დამატების შეტანის თაობაზე, რომელიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას არ შეზღუდავს. 7 მარტს, კამპანიის მონაწილეები დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი ცვლილება მისაღებია, მაგრამ – არასაკმარისი. 9 მარტს შევიდა მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტში და საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ.