დავით უსუფაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებულ მოსმენებს გამოეხმაურა და მთავარი პროკურორის შერჩევის ახალ წესსა და მის კანდიდატურაზე კომენტარი გააკეთა.
„დემოკრატიული რეფორმების კონტექსტში პროკურატურის სისტემის გასაუმჯობესებლად ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და კანონში მთელი რიგი ცვლილებები შევიდა. ვიცი, რომ არის ექსპერტთა წრე, ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომლებიც თვლიან, რომ მეტი შეიძლებოდა, მეტი მართლაც შეიძლებოდა და მეტიც მოხდება.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვაქვს უკეთესი კანონი, ჩვენ გვაქვს მთავარი პროკურორის შერჩევის უკეთესი სისტემა, ვიდრე გვქონდა დღემდე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვეყოლება უკეთესი პროკურორი ვიდრე გვყოლია დღემდე. რეფორმები გრძელდება!
ირაკლი შოთაძემ ფრაქციებთან გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი გააგრძელებს რეფორმებს და არ შეწყვეტს. დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა და უმრავლესობა აიღებს ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე ისევე, როგორც ჩვენ ერთად, კონსესუსით მოვახერხეთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა, ასევე სხვა თანამდებობებზე ადამიანების გამწესება იქნებოდა ეს სახალხო დამცველი, თუ სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები.
ახლად დანიშნული პროკურორი ექვსი წლის ვადით ინიშნება და ეს არის მისთვის დამოუკიდებლობის ძალიან მაღალი ხარისხი და თუ რას ნიშნავს მაღალი ხარისხი, ჩვენ ეს ვნახეთ სხვადასხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ, იგი იქნება დამოუკიდებელი და პროცესის დადებით შედეგებს ჩვენ მალე ვნახავთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.