ჩვენი წინამდებარე წერილი ერთ წარმატებულ საქმეს _ აბაშური ყვითელი ჯიშის სიმინდის გურიის რეგიონში მოყვანას ეხება. ყვითელი სიმინდი ყუათიანობით ერთ-ერთი პირველი საკვებია შინაური პირუტყვისა თუ ფრინველისთვის.
მკითხველს შევახსენებთ, რა მასშტაბის პიარკამპანია გაჩაღდა 2011 წლის გაზაფხულზე, საქართველოში ამერიკული ყვითელი სიმინდის შემოტანის და დათესვის თაობაზე _ კომიკურად ახსოვს გურიას მაშინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის სტუმრობა, ამერიკული ყვითელი სიმინდის დათესვის კატეგორიული მოთხოვნით და მითითებებით. ის წინასწარმეტყველებდა, რომ გურიაში ყვითელი სიმინდის უხვი მოსავლით ნალიები ტორტმანს დაიწყებდა.
კითხვაზე, რამდენი დახარჯა სახელმწიფომ ამ თესლის შემოტანაზე, ბუკლეტების ბეჭდვასა და პრომოუშენზე, იგივე რომ დაგეხარჯათ ადგილობრივი აბაშური ყვითელი, აჯამეთური თეთრი ჯიშების გავრცელებაში, საწვავით, სასუქით და ტექნიკით გლეხების დახმარებაში, გვექნებოდა თუ არა უკეთესი შედეგი, მაშინდელი მინისტრი ჯიქურ დამეკითხა, სად არის აბაშური ყვითელი სიმინდი, თუ სადმე მაჩვენებთ, ერთი-ორ კილოს მაინცო… არ გამივიდა ახსნა-განმარტება, რომ ბავშვობაში საკუთარი თვალით მქონდა ნანახი, როგორ მოჰყავდათ უფროსებს ოჯახში აბაშური ჯიშის ყვითელი სიმინდი, რომ ახლაც ბევრგან მოჰყავთ საქართველოში ეს სახეობა და გლეხები ითხოვენ, თუ მაინცდამაინც ყვითელ სიმინდს დავთესავთ, ნუ გვაძალებთ ამ ჰიბრიდულ ჯიშს, ეს ზარალისთვისაა განწირული, შრომაც წყალში ჩაგვეყრება, დაგვიჯერეთო…
ამ ფონზე, ურიგო არ იქნება, მკითხველს ერთ კონკრეტულ თემაზე _ აბაშური ყვითელი ჯიშის სიმინდის შესახებ ვესაუბროთ, მით უმეტეს, არაერთი ფერმერი არაერთხელ სვამს კითხვებს: ნამდვილად წარმატებულია თუ არა აბაშური ყვითელი ჯიში, როგორც ყუათიანი საკვები ცხოველების თუ ფრინველებისთვის.
ამ წლის გაზაფხულზე ოზურგეთს ფერმერული განვითარების ცენტრის სადემონსტრაციო ნაკვეთის 0,8 ჰექტარ ფართობზე აბაშური ყვითელი ჯიშის სიმინდის დათესვა გადაწყვიტეს. ანუ სწორედ იმ ჯიშისა, რომლის საქართველოში არსებობას კვეზერელი გამორიცხავდა.
ახლახან ამ ნაკვეთზე ექვსი ტონა აბაშური ყვითელის მოსავალი აიღეს. აღსანიშნავია, რომ ფერმერული განვითარების ცენტრის სპეციალისტთა ძირითადი ნაწილი ფიზიკურად ასრულებდა ყველა სავეგეტაციო სამუშაოს და ბარაქიანი შემოდგომაც დადგა. პრინციპული მიდგომა, რომ ჩვენში საუკეთესო მოსავალს იძლევა აბაშური ყვითელი ჯიში და ის არ გამქრალა, ცნობილ ვეტექიმ თამაზ კილაძის თაოსნობით დაამტკიცეს. ის პირადად წავიდა აბაშაში გაზაფხულზე, რომ ხარისხიანი თესლი იქ შეეძინა.
_ დღეისთვის მეღორეობის განვითარებაზე ვზრუნავთ. წარმატებით გაიხსნა ღორის სანაშენე სადგური. ეს საქმე რომ წარმატებული დარჩეს საბოლოოდ, გადავწყვიტე, აბაშური ყვითელი სიმინდი აქვე, ჩვენი სანერგე მეურნეობის ფართობზე დაგვეთესა. სათესლე მასალა აბაშიდან ჩამოვიტანე. დღეს კარგი შედეგი გვაქვს, ექვსი ტონა სიმინდი ავიღეთ.დასავლეთ საქართველოში, ჯერჯერობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ღორის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი, სადაც აუცილებლად ადგილობრივი საკვებით უნდა მოხდეს უზრუნველყოფა. ჩვენებური ყვითელი სიმინდი საუკეთესო ყუათიანი საკვებია. გაცილებით ადრე, როცა ამერიკულ ყვითელ სიმინდს აძალებდნენ ხალხს, დაეჯერებინათ გამოცდილი გლეხებისთვის და ეს დაგვეთესა, უფრო წინ იქნებოდა საქმე. ახლა საქმე დაიძრა და გვიან დაწყებული საქმეც კარგია, _ ამბობს თამაზ კილაძე.
ა(ა)იპ ფერმერული განვითარების ცენტრის დირექტორი შალვა შავიშვილი მიიჩნევს, რომ ყვითელი სიმინდის დიდი მოსავალი მხოლოდ კარგი მოვლით არ მიუღიათ.
_ ეს ჯიში, დიდი ხანია, არსებობდა ჩვენთან. რატომღაც, ნაციონალური ხელისუფლების დროს გვიკიჟინებდნენ, თითქოს, საქართველოში აღარსად იყო ამ ჯიშის სიმინდი და მხოლოდ ამერიკული ყვითელით უნდა შეგვექცია თავი. ფაქტი სახეზეა _ აღნიშნული სიმინდის ქართულმა ჯიშმა არაჩვეულებრივი მოსავალი მოგვცა, _ ამბობს ის და თანამშრომლების მიმართაც გამოთქვამს მადლიერებას, რომლებმაც ფიზიკურად იშრომეს ვეგეტაციის პერიოდში, მოსავლის აღების პროცესშიც მონაწილეობდნენ, დღეს კი სიმინდის გარჩევასა და ნალიაზე ატანასაც მორჩნენ.
_ გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ საქმე, რომელიც არ დაგვანებეს, წარმატებულია. ამერიკული "პიონერის" დათესვით კი ზარალის მეტი არაფერი გვინახავს, ყველამ ვიგემეთ იმ უპასუხისმგებლო ნაბიჯის შედეგი _ წყალში გადაყრილი შრომა, _ ამბობს ფართობის მეთვალყურე რეზო ხომერიკი.
ამერიკული ყვითელი სიმინდის ("პიონერის" ჯიში) აწ გარდასული დროება აგრონომ აკაკი ღლონტს ცალკეული პერსონების პირად კომერციაზე გათვლილ სვლად მიაჩნდა და მიაჩნია, რაც მიზნად ისახავდა მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებას. _ ვიღაცეებმა მაღალ ფასში გაყიდეს თესლი, თუმცა, ზოგადად ფერმერთა უმრავლესობამ ზარალი ნახა. მიზეზი იყო აგროტექნიკური ფონის დარღვევა:
_ ზოგადად "პიონერი" ჩვეულებრივი სელექციური ჯიშია და გადამეტებული იყო მისი გენმოდიფიცირებულ ჯიშად მონათვლა. ის ჩვეულებრივი სელექციური ფენომენია, რომელიც შესაბამის აგროტექნიკურ პირობებს მოითხოვს. ნაკლებად ეგუება გვალვას, ნიადაგს სჭირდება მოკირიანება და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აბაშის როგორც ყვითელი, ისე თეთრი ჯიშის, ასევე გეგუთის თეთრი ჯიშის სიმინდი არის საუკეთესო ჯიშები. თუმცა, ამ ჯიშების სისუფთავე რომ დავიცვათ, კარგად უნდა დავიხსომოთ, რომ ორი კილომეტრის რადიუსში გაკეთდეს ბუფერული ზონა, რათა სხვა ჯიში არ შეერიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება გადაჯიშებას.
ფერმერულ ცენტრებს ახლა იმედის თვალით შემოჰყურებენ გლეხები. ჩვენს მოსახლეობაში იმედი გაჩნდა, განსაკუთრებით, მეღორეობის დარგის აღმავლობის კუთხით. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ყუათიან საკვებზე და ამ საკვების მისაღებად სუფთა და ხარისხიანი თესლით უზრუნველყოფაზე. სელექციური ჯიში ყველა კარგია, ერთი და იგივე დანახარჯებით ყოველთვის მეტ მოსავალს იღებ, თუმცა, დახვეწილი ჯიში მუდამ სჯობს ჰიბრიდულს, იგივე სელექციურის იდენტურს. ჰიბრიდული ჯიში, მართალია, მეტ მოსავალს იძლევა, მაგრამ მომდევნო წელს სათესლე მასალა უკვე აღარ გვაქვს, დახვეწილი ჯიშები კი ამ მხრივ სამუდამო გარანტიას იძლევა, _ ამბობს აკაკი ღლონტი.