საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული “ORT”-ს არსებული ფორმით საეთერო მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა შპს „რ.ბ.ჯ“-ს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებელის პროგრამების გამოყენებით მაუწყებლობდა.
"შპს „რ.ბ.ჯ“-ს დაეკისრა 2500 ლარის ოდენობით ჯარიმა, რადგან კომპანიას მაუწყებლობის დაწყებამდე სამაუწყებლო პროდუქციის მართლზომიერი ფლობის შესახებ შესაბამისი ნებართვები და ლიცენზიები არ წარმოუდგენია (აღნიშნული დარღვევისთვის კომპანიას 2015 წლის ივლისის თვეში წერილობითი გაფრთხილება უკვე მიეცა).
კომპანია ასევე, წერილობით გაფრთხილდა კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის და საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისობის დეკლარაციის გამოუქვეყნებლობის გამო.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ საჯარო სხდომაზე შპს „რ.ბ.ჯ“-მ ვერ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებელის ტელეპროდუქციის მართლზომიერი ფლობა, შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანიას შეუზღუდა იმ სამაუწყებლო პროდუქციით საეთერო მაუწყებლობა, რომლის კანონიერი უფლებაც არ გააჩნია" _ აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.