საქართველოს პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანი “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ჩოხატაურში ორი დღის წინ მომხდარი ფაქტი დროულად უნდა გამოიძიონ.
"ეს არის კრიმინალური შემთხვევა და ცხადია, რომ ყველანაირად დასაგმობია. ზუსტად არ ვიცი, ამას რაიმე პოლიტიკური საფუძველი აქვს თუ არა; ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, შესაძლოა, პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს ამ ყველაფერს, მაგრამ დასადგენია ჯერ ყველაფერი. ვიმედოვნებ, რომ ეს ფაქტი დროულად იქნება გამოძიებული", _გვითხრა გია ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე 28 ნოემბერს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე დააყაჩაღეს.
თავდამსხმელებს სახეზე სამედიცინო ნიღბები ეკეთათ. ზაალ მამალაძის მეუღლე სტომატოლოგია და როგორც გვითხრა, იმ დროს პაციენტს ელოდებოდა:
_ პაციენტებს ველოდებიდი. დაახლოებით ათის ნახევარი იქნებოდა, როცა კარზე დააკაკუნეს და ზაალი იკითხეს. კარი გავაღე თუ არა შემოიჭრნენ იარაღებით, _ იხსნებეს ნინო მამალაძე.
ყაჩაღები ოქროს და ფულს ითხოვდნენ და სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ზაალ მამალაძეს წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფიზიკური ძალა გამოიყენეს ნინო მამალაძის მიმართაც.
თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ოჯახის წევრები დააბეს და მიმდებარე ტერიტორია ზაალ მამალაძის კუთვნილი ავტომობილით დატოვეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი იმ დროს მოხდა, როცა პოლიცია რეიდებს ატარებდა და ავტომანქანებს, მგზავრებსა და ფეხით მოსიარულეებსაც, საფუძვლიანად ამოწმებდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ზაალ მამალაძის სახლი ჩოხატაურის პოლიციის შენობიდან ორასიოდე მეტრში მდებარეობს.