საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ბავშვების ჯანმრთელობა.
"მესმის, რომ ბევრი ადამიანი ავტომობილს იყენებს, ტაქსაობს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ჯანმრთელობას. ჩვენ შეიძლება 1 კაცი გავანაწყენოთ, მაგრამ 10 და 20 ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ. ვფიქრობ, ამ საკითხზე შეიძლება საზოგადოებრიოვო აზრის კვლევა ჩავატაროთ, მოსახლეობას მივმართოთ კითხვით, რა ურჩევნიათ", _ განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, რაღაც თანხა შეიძლება გაიღოს ადამიანმა, რომელიც "ტაქსაობს" და არ აქვს კატალიზატორი.
"ეს თანხა შეიძლება განვადებით გავაკეთოთ, კომპანიამ, ვინც შემოიტანს ამ კატალიზატორს, განვადებით რომ მისცეს მოსახლეობას. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი წუხს ამ საკითხზე", _ თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ შემდეგი ნაბიჯი დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება იქნება.
"ამას დროში გავწერთ, რა თქმა უნდა, ერთიანად არ მოვთხოვთ მოსახლეობას, რომ ყველაფერი ერთბაშად გააკეთოს. ამას გარდა, ვიცი, რომ სიმსივნის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ გამონაბოლქვია", _ აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა, საგზაო ტრანსპორტის პოლიტიკის, უსაფრთხო საგზაო მოძრაობის და ეკოლოგიური მდგომარეობის ოპტიმიზაციის მიზნით, პარლამენტს კანონში ცვლილებების პროექტს წარუდგენს. მთავრობის ინიციატივით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. ცვლილებების ამოქმედების კონკრეტულ თარიღზე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდება.