2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების ნაწილმა შესაძლოა პარტიის შეთავაზებული კანდიდატის ნაცვლად პარლამენტში საკუთარი კანდიდატი წარადგინოს. ამის შესახებ ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გამოდიას.
როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს მთავრობას სახალხო დეპუტატის ინიციატივით მიმართოს.
"ყველა ადამიანი თავის უბანში აირჩევს ერთ კანდიდატს, რომელიც ხალხის რეალური წარმომადგენელი იქნება. ეს ადამიანი გახდება შუამავალი ხალხს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთავრობას შორის. 2016 წლის არჩევნებამდე, საზოგადოება დააკვირდება ამ ადამიანის მუშაობას და თუ ნდობის მოპოვებას შეძლებს, ის იქნება ხალხის წარმომადგენელი პარლამენტში. სახალხო დეპუტატი აქამდე არსებულ რეალობას საერთოდ შეცვლის, ხალხი უკვე მხარს თავის წარმომადგენელს დაუჭერს და არა პარტიების მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს, რომლებსაც საზოგადოება ხშირ შემთხვევაში არ იცნობს და მხოლოდ პარტიის გავლენით აძლევს ხმას", _ აცხადებს ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, "ქართული მისიის" გამგეობის წევრი გიორგი ზარნაძე.
იდეის ინიციატორი ორგანიზაციები – "ქართული მისია", "ახალი რეალობისთვის", "ვეტერანების პარტია" და "დედაქალაქი თბილისის ყველა უბანში" სახალხო დეპუტატის შესახებ დაწვრილებით, ხვალ, პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.