საქართველოს სახალხო დამცველი მოწმეთა დაკითხვის წესში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას უარყოფითად აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ეჭვობს, რომ ცვლილებების შედეგად მოწმის გამოკითხვის ნებაყოფლობითობის პრინციპი ფორმალური გახდება.
"შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, თუ მოწმე უარს აცხადებს გამოკითხვაზე, თუმცა არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომ მას აქვს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაცია, იგი შეიძლება დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.აღნიშნული წარმოადგენს მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის საკმაოდ ფართო საფუძველს, რაც გამოიწვევს იმას, რომ მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ წესით დაიკითხება და მოწმის გამოკითხვის ნებაყოფლობითობის პრინციპი ფორმალური გახდება.
აღნიშნული საგამონაკლისო წესი მიიღებს ფართომასშტაბიან ხასიათს და პრაქტიკულად მოწმის დაკითხვის იძულების წესის გადმოტანა მოხდება საგამოძიებო ორგანოებიდან სასამართლოში. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამ მხრივ სტანდარტი უნდა აიწიოს და მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი (ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა), რომ მას აქვს საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაცია. გარდა ამისა, სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს ზემოაღნიშნული წესით მოწმის დაკითხვის შესაძლებლობის მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭებას, აღნიშნული ბრალდების მხარესთან მიმართებაში არათანაბარ პირობებში აყენებს დაცვის მხარეს და ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფას. ბრალდებისა და დაცვის მხარისთვის არსებითად თანასწორი პირობების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლიანად და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პრინციპების შესაბამისად წარმართვისთვის. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმირებისას გვერდს ვერ ავუვლით იმ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასთან (სსკ-ის 3711 მუხლი). აღნიშნული მუხლის გამოყენება არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა მოწმეთა დაშინების მიზნით რაც ქმნიდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებით მანიპულირების შესაძლებლობას. ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებაში, ვინაიდან მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხული მოწმე შეზღუდული იქნება მიცემული ჩვენებით, რომლის შეცვლაც მთავარ სხდომაზე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ამასთან, მაშინ როცა საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ცრუ ჩვენებისთვის და ცრუ დასმენისთვის, ასევე წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტს ემატება პასუხისმგებლობა ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, გაურკვეველი რჩება სსკ-ის 3711-მუხლის შენარჩუნების აუცილებლობა. მიგვაჩნია, რომ ამ მუხლის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემებისა და ხარვეზების გათვალისწინებით უნდა გადაიხედოს მისი შენარჩუნების საკითხი", _ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ამასთან, უჩა ნანუაშვილისთვის მიუღებელია ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს მთავრობა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის, გარკვეული კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით, ორი წლით გადავადებას ითხოვს.
"კანონპროექტით, საგამონაკლისო წესის სახით, მოწმის დაკითხვის 1998 წლის წესი შენარჩუნებულია გარკვეული კატეგორიის დანაშაულების გამოძიებისას. ამ დანაშაულებს მიეკუთვნება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ზოგიერთი დანაშაულები, ასევე დანაშაულები, რომლებიც ძალადობრივი გზით არის ჩადენილი და ქმნის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ან სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების საფრთხეს და სხვა. აღნიშნულის არგუმენტად მითითებულია საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დანაშაულზე იმწუთიერი რეაგირებისა და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, მოწმის დაკითხვის, მყისიერად განხორციელების აუცილებლობა და მტკიცებულებათა განადგურების, შემთხვევის ადგილის დაზიანებისა და მოწმეთა მიმალვის საფრთხე. საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიუღებელია ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს მთავრობა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის, გარკვეული კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით, ორი წლით გადავადებას ითხოვს.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი საფრთხე არსებობს სხვა დანაშაულებთან მიმართებაში, ამასთან გაურკვეველია ორი წლის შემდეგ რა აღმოფხვრის მსგავს საფრთხეებს, ამის საპირისპიროდ, უნდა ითქვას, რომ სამართალდამცავ ორგანოებს საკმარისი დრო და რესურსი ჰქონდათ, რათა ამ ინსტიტუტის პრაქტიკაში დანერგვისათვის აუცილებელი მოსამზადებელი ღონისძიებები განეხორციელებინათ, აემაღლებინათ თანამშრომელთა უნარ-ჩვევები და პროფესიონალიზმი, გამოემუშავებინათ უნარები, რომლებიც მოწმის გამოკითხვის ნებაყოფლობითობის პრაქტიკაში დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს", _ აცხადებს სახალხო დამცველი და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მხედველობაში მიიღოს აღნიშნული მოსაზრებები და კანონის პროექტი შესაბამისობაში მოიყვანოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან. სახალხო დამცველის აპარატი ასევე საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს.