თბილისის საქალაქო სასამართლომ სუპერმარკეტ "ნიკორა ტრეიდზე"განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ნ. ი.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
"ნ. ი.-ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში – ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით.
საქმის მასალების თანახმად, ქ. თბილისში 2015 წლის 30 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ნ. ი. ღამის საათებში ყაჩაღურად თავს დაესხა ვარკეთილში 3-ში მდებარე ‘’ნიკორა ტრეიდის"სუპერმარკეტს, სადაც მოკვლის განზრახვით, დაცვის თანამშრომელს სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული განაგრძობდა სროლას სხვადასხვა მიმართულებით და სუპერმარკეტის სალაროში არსებული ფულადი თანხით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულის გადარჩენა მხოლოდ დროული სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად მოხერხდა.
ღია სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 5000 ლარის ოდენობით გამოყენება ითხოვა, რასაც არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.
სასამართლომ შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა ახსნა – განმარტებები და საქმეში წარმოდგენილი მასალების გაცნობის შემდგომ, მიიჩნია რომ სახეზეა მტკიცებულებითი სტანდარტი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის. კერძოდ, სასამართლომ ჩათვალა, რომ დანაშაულის ჩადენის სპეციფიკისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, მხოლოდ პატიმრობის პირობებში იქნება შესაძლებელი თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მისი მიმალვის საფრთხე. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დასადგენია იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმომავლობა და შესაძლო შემხებლობა სხვა სისხლის სამართლის საქმესთან, რაც ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებული თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 25 იანვარს 12:00 საათზე გაიმართება", _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.