2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, უცხოური პოლიტიკური ძალებიც ვიხილოთ. ამის ერთ-ერთი მაგალითი კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკია, რომელმაც პოლიტიკური მიზნები უკვე გააჟღერა და საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია "ბედნიერი საქართველოსთვის" შექმნა.
ვინ არის ლეონიდ ჩერნოვეცკი; რა ავტორიტეტით სარგებლობდა კიევის ყოფილი მერი მშობლიურ უკრაინაში; რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს მას ქართულ პოლიტიკაში და რამდენად შეიძლება მისი სახით ახალი, ძლიერი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს. ამ და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" "პოლიტიკის და სამართლის ცენტრის" თავმჯდომარეს, 2006-2007 წლებში, უკრაინაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ამირან გიგუაშვილს ესაუბრა:
_ბატონო ამირან, თქვენ უკრაინაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლად სწორედ იმ წლებში მუშაობდით, როდესაც ლეონიდ ჩერნოვეცკი კიევის მერი იყო. რამდენად პოზიტიური იყო მისი მერობის პერიოდი კიევისთვის და როგორ აფასებთ მის სურვილს კენჭი იყაროს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში?
_სამწუხაროდ, კარგს ვერაფერს გეტყვით. 2006-2007 წლებში, როდესაც მე უკრაინაში ვმუშაობდი, კიევი იყო იმ დიდი კორუმპირებული სისტემის მთავარი ღერძი, რომლის ირგვლივაც უკრაინული პოლიტიკა ტრიალებდა. რაც შეეხება თავად იმდროინდელ მერს, ლეონიდ ჩერნოვეცკის, მასზე მხოლოდ ნეგატიური განწყობები იყო უკრაინულ საზოგადოებაში. ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ის იყო კორუმპირებული, ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული, ზედმეტად ექსტრავაგანტული ტიპაჟი. მისი არცთუ სახარბიელო თავგადასავლების შესახებ ანეგდოტები დადიოდა, თუმცა ეს არ არის მთავარი. პირადი ცხოვრება ის სფეროა, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს განმსაზღვრელი რომელიმე პოლიტიკოსის ობიექტური შეფასებისთვის. მაგრამ ჩვენთვის, როგორც იმ საზოგადოებისთვის, სადაც ბატონი ჩერნოვეცკი დამკვიდრებას ცდილობს და რაც მთავარია ცდილობს საჯარო ფიგურად იქცეს, ანუ მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პროცესებში, მნიშვნელოვანია რამდენად ეფექტური პოლიტიკოსი იყო ის სამშობლოში. სამწუხაროდ, როგორც მოგახსენეთ ამ მხრივ კიევს არ ახსოვს არც ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, ან პროექტი, რომელიც ბატონმა ჩერნოვეცკიმ მისი მერად მუშაობის ხანგრძლივ პერიოდში განახორციელა. კიევი მან ჩაიბარა, როგორც საბჭოთა პერიოდის ქალაქი, დამძიმებული ბიუროკრატიით და კორუფციით და დატოვა სწორედ იგივე ან უარეს მდგომარეობაში. ამიტომაც მისი ეფექტურობა ამ მიმართულებით სახარბიელო ნამდვილად არ არის.
_რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს უკრაინაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში. ვრცელდება მოსაზრებები, რომ მან შეიძლება მესამე ცენტრის ჩამოყალიბებაში აქტიური როლი ითამაშოს, მით უფრო მისი მატერიალური რესურსების და პოლიტიკური კავშირების გათვალისწინებით, რომლის შესახებაც აქტიურად საუბრობენ?
_ერთადერთი ადამიანი, ვინც საქართველოში დღეს პოლიტიკურ ამინდს განსაზღვრავს და წყვეტს, ვინ და და დოზით შეიძლება შემოვიდეს პოლიტიკურ პროცესებში არის ბიძინა ივანიშვილი. ლეონიდ ჩერნოვეცკი გააქტიურდება იმდენად, რამდენის უფლებასაც მას მისცემენ. რაც შეეხება კიევის მერის მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს, ან გავლენას პოლიტიკურ წრეებზე, ის ახლოსაც ვერ მივა ივანიშვილის შესაძლებლობასთან. ეს, ალბათ, თავად ჩერნოვეცკიმაც მშვენივრად იცის. ამიტომ იგი ფრთხილობს განცხადებებში. ცდილობს მეგის ქარდავას გავლით, რომლის დაკავებისთვისაც ჯილდო დააწესა, "ნაციონალურ მოძრაობას" დაარტყას და არა მმართველ კოალიციას. გაკვრით კი განაცხადა, რომ აქვს რაღაც შენიშვნები ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უფრო პოზიორობაა, ვიდრე რეალური კრიტიკის სურვილი. ამიტომაც გამოვრიცხავ, რომ იგი რაიმე ზეგავლენას მოახდენს ქართულ პოლიტიკაზე, ან მას ამის უფლებას მისცემენ. მაქსიმუმი რასაც მან შეიძლება მიაღწიოს პარლამენტის დეპუტატობაა, თუმცა ამაშიც ეჭვი მეპარება. მე ვერ ვხედავ ვერც ერთ სერიოზულ პოლიტიკურ ძალას, რომელთან მიბმასაც იგი შეძლებდა. საარჩევნო მარათონში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში კი მისი შანსები ნულის ტოლია.
_თუმცა ლეონიდ ჩერნოვეცკის პირველი პრესკონფერენცია სოციალურ თემატიკას უკავშირდებოდა. მან განაცხადა, რომ პირველი რასაც გააკეთებს პარლამენტში მოსვლისას, პენსიების 500 ლარამდე გაზრდაა. იმ ხუთი წლის მანძილზე რაც იგი საქართველოში ცხოვრობს, ქველმოქმედებაში რამდენიმე მილიონი დოლარი დახარჯა. შექმნა ფონდი "სოციალური პარტნიორობა", დააარსა პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის". ხომ შეიძლება ამ ყველაფერმა იმდენად მოხიბლოს ქართველი ამომრჩეველი, რომ მან მართლაც შეძლოს პარლამენტში არა მხოლოდ დამოუკიდებელ დეპუტატად გასვლა, არამედ თავისი პარტიის წევრების გაყვანაც?
_ის რასაც დღეს ჩერნოვეცკი საქართველოში აკეთებს, მისთვის პოლიტიკური რეინკარნაციაა. წლების წინ, როდესაც უკრაინაში მოღვაწეობას იწყებდა, მან დაახლოებით იგივე გზა გაიარა. დააარსა ფონდი "სოციალური პარტნიორობა", შექმნა პარტია "ლამაზი უკრაინისთვის", კენჭი იყარა საპრეზიდენტო კანდიდატად. მოკლედ, მისი მეთოდები ცნობილია. ვფიქრობ, მისი პროგრამა მაქსიმუმი ამ ეტაპზე ქართულ საჯარო სივრცეში დამკვიდრებაა. მივიდა სადღაც თავის თანაშემწესთან ერთად, ჩაატარა პრესკონფერენცია, გაისროლა რამდენიმე ავანტურისტული მესიჯი და წავიდა. სერიოზული პოლიტიკა ასე არ კეთდება და ეს ჩერნოვეცკიმ მშვენივრად იცის. იგი იმაზე პრაგმატული და ჭკვიანი პიროვნებაა, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. რაც შეეხება პენსიების ზრდას 500 ლარამდე ეს მტკნარი სიცრუეა, რომლისაც, ალბათ, ყველაზე ნაკლებად თავად ჩერნოვეცკის სჯერა. მას არ წარმოუდგენია არც ეკონომიკური პროგრამა, არც კალკულაცია, არც მყარი პოლიტიკური ხედვები. ან როგორ შეიძლება ერთმა დეპუტატმა ამის გაკეთება შეძლოს, მაშინ გამოდის, რომ მისი პარტია უმრავლესობით მოვა პარლამენტში, რაც სრული ფანტასტიკის სფეროა. ამიტომ როგორი უპასუხისმგებლო განცხადებებიც გააკეთა ელექტორატის მოსაზიდად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზუსტად ასეთივე იქნება მისი მოღვაწეობაც ქართულ პოლიტიკაში. ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ნაკლებობას კი, ლეონიდ ჩერნოვეცკის გარეშეც არ განიცდიდა ჩვენი საზოგადოება.