ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ბოლო ორი თვეა, საქონლის ქურდობა გახშირდა.
“გურია ნიუსი” გასულ წელს ხშირად წერდა, რომ გურიაში ძროხების ქურდობამ პიკს მიაღწია, ძალოვნებმა კი ერთი ქურდიც ვერ დაიჭირეს. ახლა ეს პროცესი განახლდა და პირუტყვი პირდაპირ ეზოებიდან გამოჰყავთ.
_ შედიან და დაბმულ ძროხას იპარავენ, _ ამბობენ აქაურები.
_ საერთოდ, ნატანებში ძროხების ქურდობის ძალიან ბევრი შემთხვევაა. პოლიციაც საქმის კურსშია, იყვნენ კიდეც შემთხვევის ადგილზე მოსულები, მაგრამ რად გინდა, ქურდები ჯერ არ უპოვიათ, _ გვითხრა ერთ-ერთმა ნატანებელმა.
ნატანების რწმუნებული, კახა კოპლატაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ადასტურებს სოფელში მომხდარ, ძროხების ქურდობის გახშირებულ ფაქტებს:
_ ეს ინფორმაცია სიმართლეა _ არის ქურდობის ფაქტები, პოლიციაც საქმის კურსშია. მე ადრე დამეკარგა, თუმცა, არიან ოჯახები, რომლებმაც პირუტყვი ამ ერთი თვის განმავლობაში დაკარგეს. ერთ-ერთი ჩემი ბიძაშვილია, ვისაც ეზოდან გამოუყვანეს ძროხა.
_ ბატონო კახა, ქურდობის რამდენი შემთხვევა იყო თქვენს სოფელში?
_ ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული.
_ პოლიციას ხომ არ უპოვია ძროხის ქურდები?
_ ქურდები ჯერ არ დაუკავებიათ.
_ ძროხები ეზოებიდან მოიპარეს?
_ სამწუხაროდ, კი. თუმცა, იყო შემთხვევები, რომ დილას წასული საქონელი, სახლში არ დაბრუნებულა. ეს ხდება ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ურეკის განყოფილების უფროსს, დავით კაპანაძეს დაუკავშირდა.
_ ბატონო დავით, როგორც ვიცით, ურეკის ტერიტორიაზე, სოფელ ნატანებში გახშირდა ძროხების ქურდობა, თუმცა, ქურდები ჯერ არ დაუკავებიათ.
_ მიმართეთ ჩვენს პრესცენტრს და ის მოგახსენებთ.
_ თქვენ არ იცით?
_ როგორ არ ვიცი, ყველაფერი ვიცი.
_ რატომ არ გვეუბნებით?
_ მე ვერ გეტყვით, პრესცენტრს მიმართეთ. ბოდიშს გიხდით, თათბირზე შევდივარ, _ გვითხრა კაპანაძემ.
საინტერესოა, რომელ თათბირზე ეჩქარება ასე ბატონ კაპანაძეს?! ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს უკანასკნელ მარჩენალს უკვე ეზოებში შევარდნით ართმევენ, პოლიციის უფროსი კი თათბირითაა დაკავებული.
ძალოვნებმა შესანიშნავად იციან, რომ გასულ წელს მთელ გურიაში ძროხების ქურდობა იყო გაჩაღებული და ახლა ეს პროცესი უფრო მძლავრად განახლდა.
მოსახლეობამ ამ ყველაფერს “ძროხების მაფია” დაარქვა და ეჭვობს, რომ მასში პოლიცია ურევია: _ თუ ასე არ არის, ასი მოპარული ძროხიდან, ერთის ქურდი მაინც გვაჩვენეთ დაჭერილი, _ ამბობენ დაზარალებულები.
გავითვალისწინეთ კაპანაძის რჩევა და ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, უშედეგოდ _ ზურაბ გვენეტაძემ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.