ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები სვეტლანა ქურასბედიანის ინფორმაციით, მისი პირუტყვი დაიჭირეს და სანამ 70 ლარი არ გადაიხადა, არ გამოუშვეს.
"პენსიის ფული გამოვიტანე და გადავიხადე, აბა რა მექნა, ძროხას ხომ დავტოვებდი, ეს ერთი მარჩენალი გვყავს სახლში." – გვითხრა სვეტლანა ქურასბედიანმა.
"გურია ნიუსი"დაინტერესდა, რამდენი ძროხა დააკავეს ქალაქ ოზურგეთში მიმდინარე წელს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015 წელს 12 ძროხა დაიჭირეს.
"უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვის იზოლაციას ა.ა.ი.პ. ''ოზურგეთის სერვის-ცენტრი''-ს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების ზედამხედველობის განყოფილება ახორციელებს. ამ შემთხვევაში ერთჯერადი ჯარიმა 50 ლარია, ხოლო დღიური მოვლა-შენახვისთვის მეპატრონეს დღეში 10 ლარის გადახდა ეკისრება. აღნიშნული პროცესი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე ხორციელდება" – გვითხრეს პრესსამსახურში.