ცდილობთ, ხშირად აკონტროლოთ თქვენი წონა და გულგრილად ვერ ჩაგივლიათ სასწორის წინ? გულის ფანცქალით დგებით სასწორზე და ხან იმედგაცრუებული, ხანაც გახარებული რჩებით?
არ იცით, რომ ჩვეულებრივი სასწორი გატყუებთ? სასწორებს ნუ ენდობით, რადგანაც ისინი მხოლოდ საერთო წონას აჩვენებენ და გაურკვეველი რჩება, ამ წონის რა ნაწილი მოდის ცხიმებზე, კუნთებზე და რამდენია თქვენს ორგანიზმში წყალი.
80 წლის ადამიანი შეიძლება იმდენივეს იწონიდეს, რამდენსაც 30 წლის ასაკში, მაგრამ ცალკეული შემადგენლის წონა იქნება კარდინალურად განსხვავებული.
30-დან 80 წლამდე პერიოდში 76 კგ. წონის მქონე მამაკაცს კუნთების მასა 24-დან 13 კგ-მდე უმცირდება; სამაგიეროდ, ცხიმების წონა 15-დან 26 კგ-მდე იზრდება.
რეგულარულმა სპორტულმა ვარჯიშებმა შეიძლება შეანელოს კუნთოვანი ქსოვილის მასის კლება.
წყლის რაოდენობა სხვადასხვა ორგანიზმში სხვადასხვაა: თუ ადამიანის ორგანიზმი განიცდის დეჰიდრატაციას _ ნაკლებია წყალი, თუ შეშუპება აწუხებს _ ზომაზე მეტია.
ძვლის მასაც შეიძლება 2%-ით შემცირდეს. კერძოდ, ოსტეოპაროზით დაავადების შემთხვევაში და ქალებში _ მენოპაუზის დროს.
ამიტომ, წონის შემადგენლობის მიხედვით გამხდარი ადამიანი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ხოლო მსუქანი _ გამოფიტული.
არ ღირს ადამიანის გარეგნობის მიხედვით ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება. მრავალი საავადმყოფოს დიეტოლოგიურ განყოფილებებს აქვს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრავს კუნთების, წყლისა და ცხიმის პროპორაციას ორგანიზმში. ამ პროცედურას იმპედანცემეტრია ეწოდება. იგი ძალიან მარტივად ტარდება: დაწოლილ ადამიანს მიუერთებენ ხელსაწყოს ელექტროდებს და ეკრანზე გამოჩნდება სხეულის სხვადასხვა ნაწილის მონაცემები.