გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის კაბინეტში 15 წუთის განმავლობაში მწვავე საუბარი მიმდინარეობდა, რომელიც ეხებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ჩატარებულ ტენდერს, სადაც ახალდარეგისტრირებულმა რუსულმა კომპანიამ გაიმარჯვა.
ეს თემა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე "ნაციონალმა" დეპუტატმა დავით მჟავანაძემ წამოწია და გუბერნატორს ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გამართვა შესთავაზა.
შეხვედრა ოზურგეთის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ გუბერნატორის კაბინეტში შედგა, რასაც ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძესა და დავით მჟავანაძეს შორის შელაპარაკება მოყვა.
" ნამდვილად ვერ ვხვდები, ამ საკითზე აქ რატომ ვმსჯელობთ? ყველა საბუთი გამჭვირვალეა და ვერ ვხედავ, სად არის აქ კორუფციული გარიგება. "- განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.
დავით მჟავანაძის თქმით, კორუფციული გარიგება იმაში მდგომარეობს, რომ 6 დღის წინ დარეგისტრირებულმა კომპანიამ ტენდერი მოიგო.
"მე მაქვს ყველა საბუთი, რითაც დავამტკიცებ, რომ კორუფციული გარიგება მოხდა"-თქვა მჟავანაძემ.
15 წუთიან შეხვედრაზე მერსა და მჟავანაძეს შორის რამოდენიმეჯერ მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება.
რა მოხდა გურიის გუბერნატორის კაბინეტში, ამას "გურია ნიუსის" ექსკლუზიურ ვიდეორეპორტაჟში ნახავთ.